პოლიციამ პროფესიონალურად - ოთარ კახიძე

საქართველო, თბილისი - 16:45 | 25.07.2017
ნანახია: 1455

„პოლიციამ პროფესიონალურად იმუშავა და შეადგინა ოქმი“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოში გამოკითხვის  დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, აცნობიერებს, რომ წინდაუხედაობა გამოიჩინა, კანონი დაარღვია, რაზეც სამართალდამცველებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.

"პარლამენტის წევრობა არ უნდა ათავისუფლებდეს არავის პასუხისმგებლობისგან. მიუხედავად იმისა, რომ იარაღის ტარების უფლება მაქვს, იარაღი აქციაზე არ უნდა მქონოდა",-ამბობს დეპუტატი და დასძენს, რომ იარაღს 2016 წლის 3 დეკემბრიდან ატარებს, რადგან თავს დაუცველად გრძნობს.

"პირადად ჩემ მიმართ რამე მუქარა არ ყოფილა, ასეთს ვერ ვიხსენებ. რაც შეეხება იმას, ზოგადად რატომ ვატარებ იარაღს, მიზეზი არის ის, რომ სამწუხაროდ, არ არიან დაცული ჩვენს ქვეყანაში, მათ შორის პოლიტიკოსებიც, ძალადობისგან. ერთ წელზე მეტი გავიდა კორცხელის ძალადობიდან, რომლის არც დამკვეთი და არც შემსრულებელი დღემდე არ არის დასჯილი, მიუხედავად იმისა, რომ იქ დეპუტატებსაც და ჩვეულებრივ მოქალაქეებსაც უმოწყალოდ გაუსწორდნენ, მათ შორია კასტეტებით, რკინის ჯოხებით.  დეპუტატ გივი თარგამაძის აფეთქება, ტერორისტული აქტი არის დღემდე გაუხსნელი და არ არიან პირები დასჯილნი. ნუგზარ წიკლაურზე თავდასხმა, ასევე გამოუძიებელია. ეს მაგალითები იმიტომ მოვიყვანე, რომ  არ მეხალისება იარაღის ტარება, ეს საკმაოდ მძიმეა, მაგრამ სამწუხაროდ, ასეთი რეალობა გვაქვს ქვეყანაში",-განუცხადა კახიძემ საზოგადოებრივს.

შეგახსენებთ, რომ ოთარ კახიძე გამოკითხვაზე  „ევროპული საქართველოს“ ორგანიზებულ აქციაზე იარაღით მისვლის თაობაზე დაიბარეს.

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველომ ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174 პრიმა მუხლისა და 239 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე.

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე