,,სასაცილოა ეს ცილისწამება უკვე'' - თათია დოლიძე ტიმურ ცხურბატთან ურთიერთობას განმარტავს

საქართველო, თბილისი - 08:29 | 19.07.2017
ნანახია: 2280

გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის ყოფილი წარმომადგენელი, თათია დოლიძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტომასალაზე, სადაც ის ,,ქართული მარშის“ წარმომადგენელთა და არამხოლოდ მათი მტკიცებით ოს სეპარატისტთან ერთად არის გადაღებული, განმარტებებს აკეთებს.

“ჩემი და ტიმურ ცხურბატის ფოტოს ავრცელებენ, ტექსტით, რომ მოღალატე ვარ, თითქოს ეს ფოტო თავად ჩემი გამოქვეყნებული არ იყოს ფბ-ზე. სასაცილოა ეს ცილისწამება უკვე. რადგან გაინტერესებთ, გიპასუხებთ, რომ მე ვარ ქართველებსა და ოსებს შორის ნდობის აღდგენის პროცესის ერთ-ერთი მონაწილე, გაეროს განვითარების ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში "team of trust".

ტიმური არის ოსი, სურს ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა და ნაბრძოლია ქართველების წინააღმდეგ, თუმცა დღეს ამბობს, რომ მას ომი არ უნდა და ნდობის აღდგენის პროცესშია ჩართული. იგი დღეს არის ახალგაზრდა ოსების დელეგაციის უფროსი. თუ დაწვრილებით გაინტერესებთ ჩვენი ამ პროექტის შესახებ, ბმულსაც გაგიზიარებთ. სანამ რამეს იტყოდეთ, ინფორმაცია გადაამოწმეთ ხოლმე. საჯაროა ხომ ეს ყველაფერი? დაინტერესდით და გაიგებთ რატომ ვიცნობ ტიმურს და რა ურთიერთობა მაქვს - უბრალოდ, არ გაწყობთ, რომ გაიგოთ, რომ ყველგან საქართველოს ინტერესებს ვიცავ და ქვეყნის ღირსეული შვილი ვარ.

თქვენ ამის საპირისპირო ინფორმაცია გაწყობთ, მაგრამ თქვენდა საუბედუროდ, ასეთი არ არსებობს“, - წერს დოლიძე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე