გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ანტონიო გუტერეშს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 12:36 | 12.07.2017
ნანახია: 996

გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი კახა იმნაძე გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს შეხვდა.

ანტონიო გუტერეშთან შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა საქართველოში არსებულ უსაფრთხოების მდგომარეობასა და ჰუმანიტარულ გამოწვევებზე. გენერალურ მდივანს ელჩმა გააცნო ინფორმაცია რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცხინვალის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უკანონო მავთულხლართებისა და ბარიერების აღმართვის პროცესზე, მათ შორის სოფელ ბერშუეთში საოკუპაციო ხაზზე ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის უკანონო აღმართვის შესახებ. აღინიშნა, რომ ე.წ. „ბორდერიზაციის" პროცესი არა მარტო უხეშად ლახავს ადგილზე მცხოვრები მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს, არამედ მნიშვნელოვან ზიანს აყენებს უსაფრთხოების გარემოს ადგილზე და ხელს უშლის საქართველოს ძალისხმევას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის.

სამწუხაროდ, საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდების მიუხედავად, რუსეთის ფედერაცია განაგრძობს საერთაშორისო სამართლის პრინციპების და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების უხეშ დარღვევას. ზემოაღნიშნული ფაქტი და ზოგადად საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში და მიმდებარე ზონებში არსებული მდგომარეობა კიდევ ერთხელ ცხადყოფს უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნისა და ადამიანის უფლებათა მონიტორინგის აუცილებლობას.

შეხვედრისას გაეროსთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა კონფლიქტში გაერო-ს ჩართულობის მნიშვნელობასა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვის აუცილებლობას.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე