საქართველოს პრეზიდენტი აღმოსავლეთ პარტნიორობის საგანგებო დავალებათა ელჩებს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 17:26 | 11.07.2017
ნანახია: 995

საქართველოს პრეზიდენტი აღმოსავლეთ პარტნიორობის საგანგებო დავალებათა ელჩებს შეხვდა.

გიორგი მარგველაშვილმა ელჩებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იმ უკანონო ქმედებებთან და მცოცავ ოკუპაციასთან დაკავშირებით, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ყოველდღიურად ახორციელებს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზეც და აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პარტნიორებმა და საერთაშორისო თანამეგობრობამ კიდევ ერთხელ ძალიან მკაცრად დაგმონ რუსეთის ფედერაციის ქმედებები და მკაფიოდ დააფიქსირონ პოზიცია ოკუპაციასთან დაკავშირებით.

საქართველოს პრეზიდენტმა ელჩებთან შეხვედრისას ისაუბრა აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ სამიტზე, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესზე და იმ შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომელიც უნდა გადაიდგას ამ მიმართულებით.

გიორგი მარგველაშვილმა დიპლომატებთან განიხილა საქართველოს შიდა პროცესები და საკონსტიტუციო რეფორმის საკითხები. კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ამ პროცესში მხარეებს შორის უაღრესად მნიშვნელოვანი კონსენსუსის მიღწევაა.

პრეზიდენტთან  შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე და პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე