„პატრიოტთა ალიანსის“ წევრები რუსეთში შეხვედრას გამართავენ

საქართველო, თბილისი - 13:45 | 10.07.2017
ნანახია: 1164

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის, ირმა ინაშვილის განცხადებით, პარტიის წევრები ადა მარშანია, გიორგი ლომია და ნატო ჩხეიძე 11 ივლისს რუსეთის ფედერაციის სათათბიროს დეპუტატებთან შეხვედრას გამართავენ. 

მისივე თქმით, ქვეყნის გამთლიანებას ის ადამიანები ეწინააღმდეგებიან, რომლებიც ამბობენ, რომ აუცილებელია საოკუპაციო ზოლთან მისვლა და აქციები.

„არაფერია დასამალი იმაში, რომ ჩვენ ვართ ინიციატორი დაიწყოს პოლიტიკური დიალოგი საქართველოს პარლამენტის წევრებს, ჩვენს ფრაქციასა და რუსეთის დუმის წევრებს შორის. ეს პოლიტიკური დიალოგი ბოლო წლების განმავლობაში არ შემდგარა. 

ყველა ადამიანი, ვინც ამბობს, რომ აუცილებელია რაღაც აქციები, საოკუპაციო ზოლთან მისვლა, გვახსოვს რა პიარ აქციები იგეგმებოდა სააკაშვილის დროს, სწორედ ეს ადამიანები ეწინააღმდეგებიან ჩვენი ქვეყნის გამთლიანებას და არა ჩვენი ინიციატივა, რომელიც არის პოლიტიკური ინიციატივა, რათა რეალურად გადაწყდეს პრობლემები.

ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი, რომ ხვალვე გაერთიანდება საქართველო და ხვალვე დაგვიბრუნდება სოხუმი და ცხინვალი, მაგრამ საუბრის და დიალოგის დაწყებას ალტერნატივა არ აქვს“,- აცხადებს ინაშვილი და დასძენს, რომ ეს მათი ფრაქციის პირველი შეხვედრა იქნება რუსეთში, რომლის მიზანიც, რეალური დიალოგის დაწყებაა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე