ჩემი ძმა ქათამი ხომ არ იყო, მკვლელს ასე გაემეტებინა? - თურქეთში მოკლული ქართველის და

საქართველო, თბილისი - 13:25 | 05.07.2017
ნანახია: 1469

თურქეთში მოკლულ ქართველ მამაკაცს, 39 წლის გივი მაჩაიძეს სამშობლოში რამდენიმე საათში ჩამოასვენებენ. მაჩაიძე სტამბოლში 28 ივლისს, ურთიერთ შელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით დაჭრეს. ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მკვლელობაში ბრალდებული თურქმა სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს.

"ჩემი ძმა  სტამბოლში 8 წლის განმავლობაში მუშაობდა. მკვლელობის დღეს ის ძველ სამსახურში მიდიოდა ხელფასის ასაღებად. როგორც ჩანს, ჩხუბი იქ მოუვიდა. თურქთან თუ ქართველთან, დაზუსტებული ინფორმაცია არ მაქვს. მას სიკვდილამდე ერთი დღით ადრე ვესაუბრე, მაცადე, საქმე მაქვსო, მითხრა და ტელეფონი გამითიშა", - განაცხადა მოკლული გივი მაჩაიძის დამ, ხათუნა მაჩაიძემ.

მისი თქმით, გივი მაჩაიძეს დაზიანებები სახის არეში აღენიშნება.

"დაზიანებები სახის არეში აქვს. როგორც ვიცი, ჭრილობები დანით მიაყენეს. ჩემი ძმა თურქეთში მუშაობდა და ჯინსებს აუთოვებდა. ამ სამსახურში 6 თვე იმუშავა. ძველ უფროსს უთქვამს, ფულს მერე მოგაწოდებო. როგორც ჩანს, იმ დღეს იქ ფულის ასაღებად მივიდა. ალბათ, ჩხუბიც მაშინ მოუვიდა. სულ 900 ლირა ჰქონდა ასაღები. მოვითხოვ, მკვლელი მკაცრად დაისაჯოს!  ჩემი ძმა ქათამი ხომ არ იყო, მკვლელს ასე გაემეტებინა?", - განაცხადა მოკლულის დამ.

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე