პრეზიდენტის სიძემ და შვილმა ჩვენება მისცეს

საქართველო, თბილისი - 14:27 | 29.06.2017
ნანახია: 1122

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ თათარიშვილის პროცესი მიმდინარეობს. ის საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის შვილის, ანა მარგველაშვილის და სიძის, მინდია გოგოჭურის მეგობარია. პროცესზე დაიკითხნენ ბრალდების მოწმეები, ახლა კი ჩვენებას დაცვის მხარის 6 მოწმე აძლევს. ჩვენება უკვე მისცეს ანა მარგველაშვილმა და მინდია გოგოჭურმა.

 როგორც მარგველაშვილი ამბობს, თათარიშვილის დაკავების პროცესს არ შესწრებია, თუმცა, ესაუბრა იმ სასადილოს მომსახურე პერსონალს, სადაც მისი მეგობრის დაკავება მოხდა.  

გოგოჭურმა სასამართლო პროცესზე კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი მეგობრის უდანაშაულობა. როგორც მან აღნიშნა, სასადილოში იყვენ, რა დროსაც რამდენიმე პირი ხმაურით შევიდა და ყველა პირს გადაადგილება შეუზღუდეს, ამის შემდეგ კი, მიხეილ თათარიშვილი დააკავეს. მისივე ინფორმაციით, თათარიშვილმა საკუთარი ნებით ამოიტრიალა ჯიბეები და არაფერი ჰქონია კანონსაწინააღმდეგო. 

გოგოჭურის ინფორმაციით, სამართალდამცავებს, რომლებმაც მისი მეგობარი დააკავეს, პოლიციის ამომცნობი ნიშნები არ ჰქონდათ.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ თათარიშვილი 17 მარტს, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. 2 დღის წინ კი ის, სასამართლო სხდომათა დარბაზიდან 10 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე