სალომე ზურაბიშვილი - პრეზიდენტს იმედი აქვს გადააყენებენ, ან თვითონ აპირებს გადადგომას

საქართველო, თბილისი - 10:48 | 23.06.2017
ნანახია: 1137

სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ასეთი განცხადებები გონივრულ კრიტიკას სცდება.

"ასეთი განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან არანაირ კანონიერებაში არ ჯდება და გონივრულ კრიტიკას გადაცდა. როცა პრეზიდენტი აცხადებს, რომ პარლამენტს პატივს აღარ სცემს, კონსტიტუციას უგულვებელყოფს, ესეიგი არ დაიცავს და ვერ იქნება მისი გარანტორი, ანუ თავის მთავარ ვალდებულებაზე უარს ამბობს. რაღა უნდა ითქვას, ნათელზე ნათელია, რომ შეუდგა პოლიტიკურ ბრძოლას, ამოირჩია მოკავშირეები და მიდის ღია კრიზისისკენ. 

ან იმედი აქვს გადააყენებენ, ან თვითონ აპირებს გადადგომას და ამით არჩევნების გამოწვევას და კონსტიტუციის გაყინვას.

რაც არ უნდა იყოს, ეს ნიშნავს დაძაბულობის გამოწვევას რის მეშვეობითაც ნებსით თუ უნებლიედ გარდაიქმნება ოცნების მოყვანილ პრეზიდენტიდან, ნაცგაერთიანების კანდიდატად.

აქ ქვეყნის ინტერესები არ ჩანს არსად! პრეზიდენტი შეიძლება ასეთ ვაბანკზე მიდიოდეს, თუ ქვეყნის სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა ან მთავარი ღირებულებები საფრთხის ქვეშ დგება, ამ მძიმე არტილერიის გამოყენება პირადი პოლიტიკური ამბიციებისთვის და ანგარიშსწორებისთვის, ამორალური და მიუღებელი!" - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა საზოგადოებრივთან საუბრისას განაცხადა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო, არის დოკუმენტი, რომელიც „ბოლო მომენტში სწორედ „ქართული ოცნების“ შიგნით პოლიტიკურ გარიგებებს დამატებით ემსხვერპლა და დამატებით დამახინჯდა“.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე