24 სექტემბერს 300 არაგველის ხსენების დღე აღინიშნება

საქართველო, თბილისი - 11:05 | 23.09.2015
ნანახია: 2127

სრულიად საქართველოს საგვარეულო კავშირის ორგანიზებით, 24 სექტემბერს წმინდანად შერაცხული 300 არაგველის ხსენების დღე აღინიშნება.

300 არაგველის ხსენების დღეს, კრწანისში წმინდა ნიკოლოზის ტაძარში  დაბრძანებული იქნება 300 არაგველის სახელობის ხატი, სადაც დილით ჩატარდება წირვა. წირვის შემდეგ, 12- დან 15 საათამდე კრწნისის ველზე, 300 არაგველის მონუმენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სრულიად საქართველოს საგვარეულო კავშირის ორგანიზებით, გაიმართება 300 არაგველის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება.

წაკითხული იქნება თემატური ლექსები, 300 არაგველის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას მუსიკალურად გააფორმებენ ცნობილი ფოლკლორული ანსამბლები. ღონისძიებაში საზოაგდოების ცნობილი სახეები მიიღებენ მონაწილეობას.

კრწანისის ბრძოლა  1795 წლის 10 სექტემბერს (ძვ. სტილით) ქართლ-კახეთისა და სპარსეთის ლაშქარს შორის გაიმართა. აღა-მაჰმად-ხანის 35 ათასიან არმიას ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე მეორე ქართველთა 5 ათას კაციანი ლაშქრით შეებრძლოა. ომში გმირულად იბრძოდნენ ქართველები. ვახტანგ ბატონიშვილის რაზმის წევრები, რომლის შემადგენლობაში იყვნენ 300 არაგველი, ქიზიყელნი, თბილისელი მებრძოლები, მათ შორის მსახიობები, რომლებიც მაჩაბელას სიმღერით გამხნევებულნი, თავდაუზოგავი ბრძოლის შემდეგ სიმღერით შეხვდნენ სიკვდილს. სპარსელებმა თბილისი ჯერ გაძარცვეს, შემდეგ დაარბიეს და ცეცხლს მისცეს, მრავალი ათასი მცხოვრები ტყვედ წაიყვანეს. მოსახლეობის დიდი ნაწილი შიმშილისა და გადამდები სნეულებისაგან დაიღუპა. ქართლის სოფლებს მოთარეშეთა რაზმები შეესივნენ. კრწანისის ბრძოლამ დიდი ზარალი მიაყენა აღმოსავლეთ საქართველოს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე