ლონდონი დაღუპულებს გლოვობს - ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 10:04 | 15.06.2017
ნანახია: 1201

ლონდონში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა . ამის შესახებ ქალაქის პოლიციაში განაცხადეს. ამ დრომდე მძიმეა რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობა, რის გამოც მსხვერპლი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს. ხანძარი გვიან ღამით ჩრდილოეთ კენგსინგტონში ლატიმერ როუდზე მდებარე მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს გაუჩნდა. შენობა მტლიანად დაიწვა.  

ლონდონი ხანძრის შედეგად დაღუპულებს გლოვობს. მოქალაქეებს ნოტინგ ჰილში მდებარე ერთ-ერთ ტაძართან, ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად ყვავილები და სანთლები მიაქვთ. 

79 დაშავებული სხვადასხვა ხარისხის დაზიანებით საავადმყოფოშია გადაყვანილი, მათგან 18-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. 

ბრიტანეთის პრემიერი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, დღეს მინისტრთა კაბინეტის კიდევ ერთი საგანგებო სხდომის გამართვას გეგმავს. 

ტერეზა მეის განცხადებით, მას შემდეგ რაც დადგინდება ხანძრის გაჩენის მიზეზი, ყველა ზომა იქნება მიღებული მომავალში მსგავსი ტრაგედიის თავიდან ასაცილებლად. 

24 სართულიან საცხოვრებელ კომპლექსს ცეცხლი 14 ივნისს გაუჩნდა. შენობაში დაახლოებით 200-მდე ოჯახი ცხოვრობდა. ამჟამად მათი უმეტესობა უახლოეს ტერიტორიაზე ტაძრებსა და საზოგადოებრივ ცენტრებშია განთავსებული. მათ საყოფაცხოვრებო ნივთებით დახმარებას მოქალაქეები უწევენ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე