აშშ მიესალმება საქართველოს ძალისხმევას გააღრმავოს კავშირები აფხაზებთან და ოსებთან

საქართველო, თბილისი - 18:04 | 05.11.2015
ნანახია: 1582

ამერიკის შეერთებული შტატები  მიესალმა საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, კავშირები გააღრმავოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების მაცხოვრებლებთან და მათთვის ხელმისაწვდომი გახადოს უფრო მეტ მომსახურებებზე წვდომა. ამის შესახებ საუბარია  აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის სხდომის ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც სახელმწიფო დეპარტამენტი და საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებენ. განცხადებაში ასევე ხაზგასმულია კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ხალხთაშორისი ჩართულობის გაზრდა.

„ამერიკის შეერთებული შტატები ასევე მიესალმა საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, კავშირები გააღრმავოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების მაცხოვრებლებთან და მათთვის ხელმისაწვდომი გახადოს უფრო მეტ მომსახურებებზე წვდომა. ორივე მხარემ აღნიშნა ხალხთაშორისი ჩართულობის გაძლიერების მნიშვნელობა ურთიერთობების დამყარებისა და შერიგებისკენ მიმართული ძალისხმევის ხელშეწყობის გზით“-ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისია ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სტრატეგიული ორმხრივი დიალოგის ძირითადი ფორმატია, რომლის მიზანსაც ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ერთობლივი მიზნის ხელშეწყობა წარმოადგენს. ქარტიის კომისიამ ყურადღება გაამახვილა ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებაზე ისეთ სფეროებში, როგორიცაა დემოკრატია, თავდაცვა და უსაფრთხოება, ეკონომიკა, ვაჭრობა და ენერგეტიკა, ხალხთაშორისი ურთიერთობები და კულტურული გაცვლები. ქარტიის კომისიის სხდომა 2015 წლის 2 ნოემბერს ვაშინგტონში გაიმართა. საქართველოს მხრიდან მას ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, აშშ-ს მხრიდან კი ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ენტონი ბლინკენი ხელმძღვანელობდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე