შსს-მ ქურდობა აღკვეთა

საქართველო, თბილისი - 10:20 | 07.06.2017
ნანახია: 1075

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილების თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1972 წელს დაბადებული გ.ს. ქურდობის მცდელობის, ქურდობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი თბილისში, ზაქარიაძის ქუჩაზე, მოქალაქის საცხოვრებელი ბინის გაქურდვას ცდილობდა.

პოლიციამ, დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, „ნაგანის“ ტიპის რევოლვერი, 7 საბრძოლო ვაზნით, „ტე-ტე“-ს სისტემის პისტოლეტი 1 მჭიდითა და 8 საბრძოლო ვაზნით, „ზიგზაუერის“ ტიპის პისტოლეტი 2 მჭიდითა და 17 ვაზნით, სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 97 საბრძოლო ვაზნა ამოიღო. ბრალდებულის სახლიდან ასევე ამოღებულია: მოყვითალო ფერის ნივთი ფითილით, სხვადასხვა ზომისა და ფორმის ხელსაწყოები - ე.წ. „ატმიჩკები“, ელექტროჩარხი, დამჭერი - ე.წ. „ტისკი“, საკეტი მექანიზმები და გასაღებები, სხვადასხვა სამკაული, მობილური ტელეფონი, ხელნაწერი ფურცლები სქემატური გამოსახულებებით და მაჯის ორი საათი.

დაკავებულმა მიმდინარე წლის აპრილ-მაისში, ვაკე-საბურთალოს რაიონში ჩადენილი ბინის ქურდობის კიდევ 5 ფაქტი აღიარა.

გამოძიება ქურდობის მცდელობის, ქურდობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 19-177-ე, 177-ე და 236-ე მუხლებით).




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე