დღეს ჟურნალისტებმა ჩაიდინეს ღირსეული აქტი - იცავენ ქვეყნის ღირსებას - ელენე ხოშტარია

საქართველო, თბილისი - 14:20 | 06.06.2017
ნანახია: 2844

,,დღეს ჟურნალისტებმა ჩაიდინეს ყველასთვის მნიშვნელოვანი, ღირსეული აქტი”, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში ჟურნალისტების მიერ გამართული აქციის შემდეგ განაცხადა.

,,დღეს ჟურნალისტებმა ჩაიდინეს ყველასთვის მნიშვნელოვანი, ღირსეული აქტი - იცავენ ქვეყნის ღირსებას. ამ ქვეყანაში თუ არ არის მთავრობა არის ძლიერი საზოგადოება, რომელიც ასე მტკიცედ აპროტესტებს წარმოუდგენელ  ადამიანის ქვეყნიდან გაქრობის შემთხვევას. ძალიან კარგად ჩანს მთავრობის დამოკიდებულება. რამდენი დღე არის გასული. უამრავი კამერა დაითვალეს ჟურნალისტებმა, რომელიც იმ ტერიტორიაზე იყო. არც ერთ კითხვაზე პასუხი არ გვაქვს. არის ცინიკური განცხადებები მთავრობის მხრიდან. ეს არის რა თქმა უნდა სიმახინჯე ჩვენი სახელმწიფო სისტემის, რომელიც არსებობს და სადაც მთავრობა იცავს არა ქვეყნის და ადამიანის ინტერესს, არამედ თავისი გუნდს აფარებს ხელს“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

მისივე განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობა ანგარიშვალდებულებას მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური გუნდის მიმართ გრძნობს.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ჟურნალისტებმა მათი კოლეგის, აფგან მუხთარლის მხარდასაჭერად პარლამენტში აქცია გამართეს. მათ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე მოულოდნლეად თავზე ტომრები ჩამოიცვეს.

როგორც ცნობილია აფგან მუხთარლი აცხადებს, რომ მან თბილისიდან ბაქომდე სწორედ თავზე ტომარა ჩამოცმულმა იმგზავრა, მას შემდეგ რაც ის საქართველოს დედაქალაქიდან გაიტაცეს.

2 ივნისს ჟურნალისტ აფგან მუხთარლის მხარდამჭერებმა თბილისსა და ქუთაისში, პარლამენტის შენობებთან აქციები გამართეს.

აქციის მონაწილეები პარლამენტის თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან, სოფო კილაძესთან შეხვედრას მოითხოვდნენ. მათ შესაბამისი განცხადებაც ჩააბარეს პარლამენტში, თუმცა პასუხი არ მიუღიათ. მანამდე ჟურნალისტები იგივეს ითხოვდნენ სუს-ის უფროსი, ვახტანგ გომელაურისგან, თუმცა უშედეგოდ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე