სასამართლომ მკვლელობაში ბრალდებულ ძებნილს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

საქართველო, თბილისი - 11:22 | 06.06.2017
ნანახია: 1069

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობისა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისთვის ბრალდებული გ.თ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  108-ე მუხლითა და  120-ე მუხლით.

,,სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით  უტყუარად დადასტურდა, რომ 2016  წლის 21 იანვარს, დაახლოებით  01:00  საათზე, ქალაქ ბათუმში ფრიდონ ხალვაშის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე  გ.თ.-ს ურთიერთშელაპარაკება მოუხდა ო. ს.-სთან და ა.ე.-სთან, რა დროსაც გ.თ.-მ შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით ო.ს.-ს დანით მუცლის არეში ორი ჭრილობა, ხოლო ა.ე.-ს თხემის არეში ერთი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ო.ს. საავადმყოფოში გარდაიცვალა. 

ვინაიდან გ.თ. თავს არიდებდა გამოძიებას, მას ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის  108-ე (განზრახ მკვლელობა)  და  120-ე მუხლებით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება). სასამართლომ გ.თ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა. 

ბათუმის საქალაქო სასამართლომ გ.თ. დაუსწრებლად სრულად სცნო დამნაშავედ  წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - აცხადებენ პროკურატურაში.   

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე