რეზო გიგინეიშვილის ფილმი „მძევლები“ ივნისში ორ კინოფესტივალზე იქნება წარმოდგენილი

საქართველო, თბილისი - 14:12 | 05.06.2017
ნანახია: 2103

რეზო გიგინეიშვილის ფილმი „მძევლები“ ივნისის თვეში ორ კინოფესტივალზე იქნება წარმოდგენილი.

გიგინეიშვილის ფილმი „თვითმფრინავის ბიჭების“ საქმის შესახებ 10 ივნისს ფესტივალ „კინოტავრის“ საკონკურსო პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას, შემდეგ კი ფილმი ედინბურგის საერთაშორისო კინოფესტივალზე გადაინაცვლებს, სადაც „მძევლების“ ინგლისური პრემიერა 24 და 25 ივნისს გაიმართება.

რეზო გიგინეიშვილის ფილმ „მძევლების“ მსოფლიო პრემიერა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. ჩვენებას, ფილმის რეჟისორთან ერთად, მსახიობები, პროდიუსერები და გადამღები ჯგუფის სხვა წევრები ესწრებოდნენ.

ფილმის სცენარი ეფუძნება 1983 წელს რეალურად მომხდარ ამბავს, რომელიც საბჭოთა კავშირიდან ახალგაზრდების ჯგუფის მიერ თვითმფრინავის გატაცებასა და მის შედეგებს აღწერს.

„მძევლები“ ქართულ-რუსულ-პოლონური ერთობლივი პროდუქციაა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ფილმი ქართული და პოლონური კინოცენტრების ერთობლივი დაფინანსებით შეიქმნა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე