აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მეუღლე სათვალთვალო კამერების ჩანაწერების გასაჯაროებას ითხოვს

საქართველო, თბილისი - 15:38 | 01.06.2017
ნანახია: 1151

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარილის მეუღლე ლეილა მუსტაფაევა სათვალთვალო კამერების ჩანაწერების გასაჯაროებას ითხოვს. იგი კატეგორიულად გამორიცხავს აზერბაიჯანის პროკურატურის ვერსიას იმის შესახებ, რომ მუხტარლი საზღვრის უკანონო კვეთისას დააკავეს. 

ლეილა მუსტაფაევა დარწმუნებულია, რომ მისი მეუღლე თბილისი ცენტრიდან გაიტაცეს და ამ შემთხვევის შესახებ ქართულმა ძალოვანმა უწყებებმა იცოდნენ. 

ლეილა მუსტაფაევა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პასუხისმგებლობაზე საუბრობს.

"საქმე აქ გატაცებაშია, რადგან მათ პასუხისმგებლობა უნდა აიღონ, ახლა 100 პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ ისინი აზერბაიჯანთან თანამშრომლობდნენ. ჩემი მეუღლე გატაცებულია და ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სირცხვილია. თუ მან თავისით გადაკვეთა საზღვარი, ამოიღონ სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, სადღაც გზაზე ხომ მაინც უნდა გამოჩენილიყო, თუ თავისით წავიდა. თბილისიდან ლაგოდეხში ხომ ვერ გადაფრინდებოდა“ - ამბობს ლეილა მუსტაფაევა. 

კითხვაზე, რატომ არ მიმართეს მან და მისმა მეუღლემ სამართალდამცველ სტრუქტურებს თვალთვალისა და დევნის თაობაზე, ლეილა მუსტაფაევა ამბობს, რომ მათ დახმარების იმედი არ ჰქონდათ. 

"ერთმა ჩვენმა თანამემამულემ, დულურ კაზიმოვამ მიმართა სამართალდამცველებს, რომ დასდევდნენ, ამას რეაგირება არ მოჰყოლია. დაშქინ აღალარლიმ მიმართა, შედეგი არც მაშინ არ ყოფილა. ჩვენც იგივე სიტუაციაში ვიქნებოდით. კარგი ჩვენ არ მივმართეთ მაგრამ სხვები? გამოიძიეს? არა!", - ამბობს ლეილა მუსტაფაევა საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე