ბათუმში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

საქართველო, თბილისი - 14:16 | 31.05.2017
ნანახია: 1024

ბათუმში, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის მხარდამჭერი აქცია იმართება. აქციაზე ჟურნალისტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები არიან შეკრებილები.

მათი განცხადებით, აფგან მუხთარლის დაკავება საეჭვო ვითარებაში მოხდა, რაც ქვეყნის სირცხვილია.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის თქმით, საქართველოს ხელისუფლების ჩაურევლად, შეუძლებელი იქნებოდა ჩვენს ტერიტორიაზე სხვა ქვეყნის სამსახურებს დაეკავებინათ.

"როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს და ჟურნალისტს ყველაზე მეტად, რაც მაფიქრებს არის ის იმედგაცრუება, რომელსაც საკუთარ ქვეყანაში დევნილი, სამართლიანობისთვის მებრძოლი ადამიანები იგრძნობენ, რომლებიც საქართველოს თავს აფარებენ, რადგან აქ ეგულებათ ქვეყანა, სადაც დაცულია ადამიანთა უფლებები, თავისუფლება და დემოკრატიული ღირებულებებისთვის არ დევნიან ადამიანებს. ვთვლი, რომ თუ ჩვენ ყოველ ასეთ შემთხვევაზე რეაგირებას არ მოვახდენთ გამორიცხული არაა, რომ საქართველოში მოღვაწე ჟურნალისტებიც მსგავს სიტუაციაში აღმოვჩნდეთ. საქართველოს ხელისუფლების ჩაურევლად, შეუძლებელი იქნებოდა ჩვენ ტერიტორიაზე სხვა ქვეყნის სამსახურებს დაეკავებინათ", - განაცხადა ”ფაქტ ჩეკის” რეგიონულურმა ანალიტიკოსმა, ნაზიბროლა რეხვიაშვილმა.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი არსებული ინფორმაციით, თბილისიდან გაიტაცეს და იგი ბაქოშია დაპატიმრებული. ჯერჯერობით უცნობია, როგორ მოხდა მისი საზღვარზე გადაყვანა. თბილისში გაუჩინარებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის თქმით, ის აზერბაიჯანის მხარეს საქართველოს უშიშროების ძალებმა გადასცეს.

საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს შსს-მ გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე