დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები საპატრიარქოს იურისტის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ცილისწამებას უწოდებენ

საქართველო, თბილისი - 18:42 | 29.05.2017
ნანახია: 1217

დ​​ეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები საპატრიარქოს იურისტის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებებს ცილისწამებას უწოდებენ. 

მიხეილ რამიშვილმა და გიორგი ფანცულაიამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე აღნიშნეს, რომ  

შორენა თეთრუაშვილის სცენარის ადრესატები დროდადრო იცვლებიან და ასე მოხდა მეუფე პეტრესთან დაკავშირებითაც. ისინი ედიშერ ქარჩავას მოუწოდებენ კონკრეტული ფაქტები დაასახელოს.

დეკანოზის ადვოკატები ეჭვობენ, რომ პატრიარქი არ ფლობს ინფორმაციას, საპატრიარქოს სახელით გაკეთებული განცხადებების თაობაზე და მას შესაძლოა, ინფორმაციას უმალავენ. 

მათი განცხადებით, ისინი აპირებენ მიმართონ სასამართლოს შეურაცხმყოფელი, ცილისწამებისა და ღირსების შელახვისთვის იმ ბრალდებებიდან გამომდინარე, რომელსაც დეკანოზის მისამართით ისმენენ.

ადვოკატების მტკიცებით, გრანტების მოძიებაზე ხელშეკრულება დეკანოზმა პატრიარქის მიერ გაცემული მინდობილობით გააფორმა. როგორც დეკანოზის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, პირადად პატრიარქის მიერ გაცემული მინდობილობით, დეკანოზს შეეძლო ყველა იმ საკითხზე შესაბამისი სამართლებრივი ქმედებების განხორციელება, რაც დაკავშირებული იყო კლინიკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციასთან.

როგორც რამიშვილმა აღნიშნა, ამ დოკუმენტაციით მტკიცდება, რომ უწმინდესი ყველაფრის საქმის კურსში იყო. ”ამასთან, გაფორმებულია ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი უკრაინის მოქლაქე სერგეი ჯანგოვთან, სადაც მითითებულია, რომ თანამშრომლობის მიზანი იყო კლინიკის საკუთრებაში არსებული სამედიცინო ცენტრის სრული რეკონსტრუქცია, ინვენტარით და დანადგარებით აღჭურვა. როცა ბატონი ედიშერ ქარჩავა ბრძანებს, თითქოს სერგეი ჯანგოვთან ჰქონდა საერთო ინტერესები მამა გიორგი მამალაძეს და უნდა მომხდარიყო ფულის გათეთრება, არის სიცრუე. სერგეი ჯანგოვს არაერთხელ ჰქონია ურთიერთობა ლტოლვილთა და განსახლების ყოფილ მინისტრ დავით დარახველიძესთან, სოციალური საკითხებზე და ამ შემთხვევაში სერგეი ჯანგოვი იყო შუამავალი დონორებთან”, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა. 

მისივე თქმით, კლინიკისთვის უნდა მოძიებულიყო 10 მილიონი დოლარი და ამასთან ერთად მიმდინარეობდა სხვა პროექტებიც. მათ შორის სკოლების პროექტების დამუშვებაც. ”პატრიარქის მიერ გაცემული მინდობილობით გაფორმდა ხელშეკრულება გრანტების მოძიებაზე, რაც დაფიქსირებულია ნორტარიუსის მიერ დამოწმებულ დოკუმენტში. ეს ფიქსირდება იმ ხელშეკრულებაში, რომელიც გაფორმდა 10 მილიონზე. თუმცა, ეს თანხა არ გადმორიცხულა”, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა და აქვე დასძინა, რომ ხელშეკრულებაში დეტალურად იყო გაწერილი, თუ რაში უნდა დახარჯულიყო მოძიებული თანხები. 

საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ განაცხადა, რომ მეუფე პეტრე ცაავა იყო იმ ჯგუფში, ვინც გეგმავდა  კათოლიკოს-პატრიარქის მოშორებას ყველანაირი ხერხით.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე