სასამართლომ ბრალდებულ ბ.ნ.-ს 19 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

საქართველო, თბილისი - 20:33 | 25.05.2017
ნანახია: 1152

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის, განზრახ მკვლელობისა და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის ჩადენაში და ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისთვის,  წარსულში განზრახი დანაშაულისთვის რამდენჯერმე ნასამართლევი ბ.ნ. დამნაშავედ სცნო, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 108-ე, 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით და 273-ე მუხლით.

სასამართლო  პროცესზე  გამოკვლეული  მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ  2016 წლის 2 სექტემბერს, ბ. ნ.-მ ქ.თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე „რენჯ როვერის" მარკის ავტომობილით მიმავალი ს.ჯ. შენიშნა, რომელსაც მეგობრის ავტომანქანით დაედევნა და თაქთაქიშვილისა და ფალიაშვილის ქუჩების კვეთაზე პირადი მოტივით, შურისძიების ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით, პირდაპირი დამიზნებით ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავლობითი გასროლით საჭესთან მჯდომ ს.ჯ.-ს მიაყენა დაზიანებები. ბ.ნ.-მ ასევე ცეცხლსასროლი იარაღიდან არაერთი გასროლით ავტომობილში მჯდომ ს.ჯ.-ს მეგობარს ზ.ჩ.-ს განზრახ მოკვლის მიზნით მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანებები და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული ჭრილობების შედეგად ს.ჯ. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ზ.ჩ გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად  სიკვდილს გადაურჩა.

სამართალდამცველებმა ბ.ნ. დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად მას ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარება დაუდგინდა. ბ.ნ-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა, შენახვა და ტარება), 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა), 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 273-ე მუხლით (ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება) წარედგინა. სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბ.ნ. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და  სასჯელის სახედ და ზომად საბოლოდ 19წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე