ქართული მხარე უცხო სახელმწიფოს მოთხოვნის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქის გელა მიქაძის ექსტრადირებას ვერ მოახდენს - პროკურატურა

საქართველო, თბილისი - 14:44 | 24.05.2017
ნანახია: 1023

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ქართული მხარე უცხო სახელმწიფოს მოთხოვნის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქის გელა მიქაძის ექსტრადირებას ვერ მოახდენს.

მათივე ცნობით, საქართველოს პროკურატურა მზად არის, სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში დანაშაულთან ბრძოლის კუთხით დახმარება აღმოუჩინოს ყველა დაინტერესებულ სახელმწიფოს.

პროკურატურაში განმარტავენ, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქის უცხო სახელმწიფოსთვის გადაცემა დაუშვებელია, გარდა საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

როგორც პროკურატურაში აცხადებენ, ქართული მხარე უცხო სახელმწიფოს მოთხოვნის შემთხვევაში ვერ მოახდენს საქართველოს მოქალაქის გელა მიქაძის უცხო სახელმწიფოში ექსტრადირებას, ვინაიდან საქართველოს მოქალაქეობრივი კუთვნილება წარმოადგენს ექსტრადიციის შემაფერხებელ გარემოებას.

ცნობისთვის, ​საქართველოს პარლამენტის წევრს „პატრიოტთა ალიანსიდან“ გელა მიქაძეს არაბთა გაერთიანებული საამიროების სასამართლომ 17,2 მილიონი აშშ დოლარის მითვისების ბრალდებით 15-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე