სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გასაჯაროებული ინფორმაციის საფუძველზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

საქართველო, თბილისი - 16:41 | 23.05.2017
ნანახია: 1014

საქართველოს პროკურატურამ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 2016 წელს ქ. თბილისის მერიის მიერ უძრავი ქონებების გადაცემასთან დაკავშირებით საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, ცალკეულ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შესაძლო ფაქტებზე, სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე და 333-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

ვინაიდან ,,სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 241-ე მუხლის თანახმად, დანაშაულის ნიშნების შემცველი აუდიტის მასალების გადაგზავნა დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს სამართალდამცავ ორგანოში, რასაც სახელმწიფო აუდიტის სამსახური აჭიანურებს, უწყების მიერ ინფორმაციის გავრცელებამდე საქართველოს პროკურატურამ  წერილობით მიმართა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და მოითხოვა 2016 წელს ქ. თბილისის მერიის მიერ მუნიციპალიტეტის კუთვნილი მიწის ნაკვეთების გადაცემასთან დაკავშირებით უწყებაში მიმდინარე აუდიტის მასალების გადმოგზავნა. ამ მომენტამდე სახელმწიფო აუდიტის სამსახურს აღნიშნული მასალები არ მოუწოდებია.

დღეს, მთავარმა პროკურატურამ, სისხლის სამართლის საქმეზე სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების წარმოების მიზნით, კვლავ მიმართა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გამოძიებისთვის საჭირო აუდიტის შესაბამისი მასალების გამოთხოვის მიზნით.

გამოძიების შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე