13-14 ივნისს გიორგი მარგველაშვილი ყაზახეთში ჩავა

საქართველო, თბილისი - 16:15 | 18.05.2017
ნანახია: 998

ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ აბაშიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ბაკიტჟან საგინტაევს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა საქართველო-ყაზახეთის ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები  პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში.

ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის სავაჭრო–ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორის კომისიას განსაკუთრებული ადგილი უკავია ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაში. ასევე, დადებითად იქნა შეფასებული თანამშრომლობა ტურიზმის სფეროში. კერძოდ აღინიშნა, რომ 2016 წლის სტატისტიკური მონაცემების თანახმად საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკიდან ვიზიტორთა რიცხვი 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით 35%-ით გაიზარდა, რასაც კიდევ უფრო ხელს შეუწყობს 10 მაისიდან ამოქმედებული პირდაპირი რეგულარული ავიარეისები ბათუმი-ასტანა-ბათუმის მიმართულებით.

მხარეებმა ასევე განიხილეს 2017 წლის 13-14 ივნისს ყაზახეთის რესპუბლიკაში დაგეგმილი საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვიზიტთან დაკავშირებული საკითხები.

შეხვედრის ფარგლებში საქართველოს ელჩმა მადლობა გადაუხადა ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე