ლიტვური კულტურის ფესტივალი ტექნიკურ უნივერსიტეტში

საქართველო, თბილისი - 15:26 | 18.05.2017
ნანახია: 1225

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლიტვური ენისა და კულტურის ცენტრის ინიციატივითა და ლიტვის საელჩოს მხარდაჭერით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 15 მაისს გაიხსნა ლიტვური და ქართული ლიტერატურის საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც 20 მაისს დასრულდება.

15 მაისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ფესტივალის  გახსნას ესწრებოდნენ: ლიტვის ელჩი საქართველოში გიედრიუს პუოდზიუნასი, საქართველოს პარლამენტის წევრი ემზარ კვიციანი, სტუ-ის რექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში ზურაბ გასიტაშვილი, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ლიტვური ენის შემსწავლელი სტუდენტები,  ლიტველი პოეტები: ვიოლეტა შობლინსკაიტე, რენალდა მაჩულსკაინე და გასპარას ალექსა, ქართველი პოეტები, საქართველოს სახელმწიფო არტისტი გურანდა გაბუნია, მწერალ ჭაბუა ამირეჯიბის ვაჟი ლაშა ამირეჯიბი, სტუ-ის პროფესორი გულაბერ ანანიაშვილი, რომელიც თავისუფლად ფლობს ლიტვურ ენას.

ფესტივალის გახსნაზე ღონისძიების მონაწილეებმა წაიკითხეს  ქართული და ლიტვური ლიტერატურული ნაწარმოებები, აგრეთვე აჟღერდა ქართული და ლიტვური სიმღერები.

გარდა ამისა, ფესტივალი გაგრძელდება საქართველოს კიდევ ორ მუნიციპალიტეტში; 18 მაისს ბორჯომში და 20 მაისს ამბროლაურში.

აღსანიშნავია, რომ ფესტივალის ფარგლებში  ჩატარდება ჭაბუა ამირეჯიბის რომანის „დათა თუთაშხიას“ ლიტვური თარგმნის პრეზენტაცია, რომლის ავტორი არის ვიოლეტა შობლინსკაიტე.

ბორჯობში და ამბროლაურში ფესტივალს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები და ლიტველი პოეტები დაესწრებიან.

ლიტვური ენისა და კულტურის ცენტრი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დაარსდა 2012 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის და  ლიტვის განათლების სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით. ლიტვურ ენას და კულტურას ცენტრში ასწავლის პროფესორი ვიდას კავალიაუსკასი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე