ქუმსიშვილი: ერთი სარტყელი - ერთი გზის ინიციატივა არის მშვიდობის გზა და დაფუძნებულია მოგება-მოგების თანამშრომლობის პრინციპზე

საქართველო, თბილისი - 12:18 | 18.05.2017
ნანახია: 1219

ჩინეთში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ანჰუის პროვინციის ქალაქ ჰეფეიში „ცენტრალური ჩინეთის  ექსპო 2017”- ის გახსნაში მიიღო მონაწილეობა და მოხსენებით გამოვიდა.

თავის სიტყვაში, პირველმა ვიცე-პრემიერმა ყურადღება გაამახვილა ჩინეთის პრეზიდენტის ინიციატივაზე „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ შესახებ და საქართველოს როლზე ამ პროცესში.

„სრულად ვეთანხმები შეხედულებას, რომ ერთი სარტყელი - ერთი გზის ინიციატივა არის მშვიდობის გზა და დაფუძნებულია მოგება-მოგების თანამშრომლობის პრინციპებზე“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მან აღნიშნა, რომ მათი განხორციელებით, შესაძლებელია ერთი სარტყელი - ერთი გზის გასწვრივ არსებულ ქვეყნებში მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ჩინეთი საქართველოს უაღრესად მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელთანაც სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ყოველწიურად იზრდება. მისი თქმით, ამ დინამიკას ხელს შეუწყობს პეკინში 15 მაისს ხელმოწერილი შეთანხმება ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ, რომელიც შექმნის ახალ შესაძლებლობებს ურთიერთობების განვითარებისთვის.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ერთი სარტყელი - ერთი გზის ინიციატივის ფარგლებში მოხდეს ძირითადი ინფრასტრუქტურის განვითარება, რომელიც დააკავშირებს „ახალი აბრეშუმის გზის“ ქვეყნებს. მისი თქმით, ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობა 4 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავს, რაც ითვალისწინებს აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობას, რკინიგზის მოდერნიზების პროექტსა და ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს, რომელიც იქნება რეგიონული მნიშვნელობის ლოგისტიკური ჰაბი.

თავის გამოსვლაში, პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ „ერთი სარტყელი - ერთი გზის“  ცენტრალური დერეფნის მიმართულებით, რომელიც საქართველოზე გადის, ტვირთის გადაზიდვა არის ბევრად უფრო უსაფრთხო, დროის თვალსაზრისით მომგებიანი და სხვა მარშრუტებთან კონკურენტუნარიანი.  

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე