ტრამპმა ქართველ კადეტს დიპლომი გადასცა

საქართველო, თბილისი - 09:52 | 18.05.2017
ნანახია: 1066

დონალდ ტრამპი კონექტიკუტში ჩავიდა და ახალ ლონდონში ამერიკის სანაპირო დაცვის აკადემიას ესტუმრა. პრეზიდენტი 2017 წლის სასწავლო კურსის გამოსაშვებ ცერემონიას დაესწრო, კადეტებს სიტყვით მიმართა და დიპლომები გადასცა.

„ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, აკადემიის ერთ-ერთი კურსდამთავრებულია ქართველი კადეტიც - ელდარ (დაჩი) საგანელიძე. საგანელიძე იმ 6 კადეტს შორისაა, რომლებიც თავიანთ ქვეყნებში დაბრუნდებიან და იქ განაგრძობენ სამხედრო სამსახურს.

„სანაპირო დაცვის სამხედროებს განსაკუთრებული როლი და ფუნქცია აქვთ არა მარტო ჩვენს შეიარაღებულ ძალებში, არამედ ზოგადად ქვეყნისთვისაც. თქვენ მოგიწევთ განსხვავებული როლების შესრულება, ზოგიერთი თქვენგანი სხვა ქვეყნებში, ჩვენს პარტნიორებთან ერთად განაგრძობს მუშაობას, ზოგი კი აქ დაიცავს ჩვენს საზღვრებსა და ქვეყანას, დაუპირისპირდება ნარკოტიკებითა და ადამიანებით მოვაჭრეებს, ყველას, ვინც ჩვენს ქვეყანას ებრძვის, ვისაც არ უყვარს ჩვენი ქვეყანა. ვამაყობ, რომ წილად მხვდა პატივი, ვიყო თქვენი მთავარსარდალი“ -  მიმართა ამერიკის პრეზიდენტმა სანაპირო დაცვის აკადემიის 2017 წლის კურსდამთავრებულებს.

ინაუგურაციის შემდეგ ეს პრეზიდენტის პირველი ვიზიტი იყო კონექტიკუტში. არჩევის შემდეგ კი მეორე გამოსაშვები ცერემონია, რომელზეც მან სიტყვა წარმოთქვა.

200-კვირიანი სასწავლო კურსი წელს წარმატებით 195-მა კადეტმა დაასრულა.

ამერიკის სანაპირო დაცვის აკადემია ორი წლის წინ პირველმა ქართველმა კადეტმა გიორგი ტალახაძემ დაამთავრა. ამავე წელს ავარიაში ტრაგიკულად დაიღუპა აკადემიის ორი ქართველი კურსანტი სოსო მაკარიძე და ბესო გორჯოლაძე. აკადემიამ მაკარიძეს მექანიკურ ინჟინერიაში ბაკალავრის ხარისხი გარდაცვალების შემდეგ მიანიჭა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე