მას ერთი პასუხი აქვს - „პერსონა ნონ გრატად“ გამოცხადება - სალომე ზურაბიშვილი ჰერბერტ ზალბერზე

საქართველო, თბილისი - 15:49 | 17.05.2017
ნანახია: 1097

მას ერთი პასუხი აქვს - პერსონა ნონ გრატად გამოცხადება, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელის სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში ჰერბერტ ზალბერის მიერ გუშინ, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვთან შეხვედრისას გაკეთებულ განცხადებას.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ჰერბერტ ზალბერმა დაარღვია საქართველოს სუვერენიტეტის პრინციპი და ქვეყნის ინტერესებს ზიანი მიაყენა.

„ასეთ შემთხვევაში მორჩილად არ უნდა დაველოდოთ ბრიუსელის რეაგირებას ან რამე მობოდიშებას, არამედ დროულად მოვითხოვოთ მისი უკან გაწვევა. დიპლომატიას თავის მკაცრი წესები გააჩნია და ამ შემთხვევაში ჰერბერტ ზალბერმა დაარღვია საქართველოს სუვერენიტეტის პრინციპი და ქვეყნის ინტერესებს ზიანი მიაყენა. მას ერთი პასუხი აქვს - პერსონა ნონ გრატად - გამოცხადება. ეს იქნება სწორი გადაწყვეტილება და ყველასთვის გაფრთხილება“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში ჰერბერტ ზალბერი გუშინ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს შეხვდა და აღნიშნული „პოსტის“ დაკავება მიულოცა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე