თბილისის ზოოლოგიური პარკის ახალ ტერიტორიაზე პირველი ვოლიერი ხვალ გაიხსნება

საქართველო, თბილისი - 15:18 | 17.05.2017
ნანახია: 1140

თბილისის ზოოლოგიური პარკის ახალ ტერიტორიაზე პირველი ვოლიერი ხვალ, 18 მაისს გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის ზოოპარკი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ახალი ტერიტორიის პირველი ბინადრები კავკასიაში გავრცელებული ცხოველები - დათვები და მგლები არიან. 

თბილისის ზოოპარკის ინფორმაციით, ვოლიერი გერმანიის მთავრობის დაფინანსებით აშენდა. მისი ფართობი 1 ჰექტარზე მეტია. ახალ ტერიტორიაზე (თბილისის ზღვის მიმდებარედ) უკვე გადაყვანილია ოთხი მგელი და სამი დათვი. 

ზოოპარკის დირექტორის ზურაბ გურიელიძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ  ახალი ზოოპარკის პირველი ბინადრები დათვები და მგლები იქნებიან.

"მნიშვნელოვანია, რომ ახალი ზოოპარკის პირველი ბინადრები დათვები და მგლები იქნებიან. დათვი ერთ-ერთი პრობლემური სახეობაა. საქართველოში დატყვევებულ დათვებს კერძო პირებთან, ან სხვადასხვა დაწესებულებაში, აუტანელ პირობებში უწევთ არსებობა. ახალ ვოლიერში დაახლოებით 10 მათგანს შევიფარებთ და დავიხსნით გაუსაძლისი ყოფისგან. გარდა ამისა, ვგეგმავთ დაობლებული ბელების ბუნებაში დაბრუნების პროგრამის განხორციელებას. სპეციალურად პატარებისთვის აგებულ ვოლიერში ცხოველი რეინტროდუქციისთვის მომზადდება მისი ბუნებაში დაბრუნების მიზნით. ეს უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება გარემოსდაცვით საქმიანობაში. დიდი მადლობა გერმანიის მთავრობას, რომ მოგვცა ჩვენი გეგმების რეალიზაციის შესაძლებლობა", - განაცხადა ზურაბ გურიელიძემ.

არსებული ინფორმაციით, ზოოპარკის ამჟამინდელ ტერიტორიაზე ადგილის სიმცირის გამო (5 ჰა) შეუძლებელია შემდგომი განვითარება, ცხოველების კოლექციის გამდიდრება და სრულყოფილი ინფრასტრუქტურის მოწყობა. ახალი ტერიტორია (48 ჰა) საერთაშორისო სტანდარტების ზოოპარკის აშენების შესაძლებლობას იძლევა დიდი და კეთილმოწყობილი ვოლიერების უმრავლესობა თხრილებით, არხებითა და მსუბუქი კონსტრუქციებით შემოისაზღვრება; არსებული ლანდშაფტი ცხოველების ბუნებრივ საცხოვრებელ არეალთან მიმსგავსებულ გარემოს შექმნის; დამთვალიერებლისთვის მეტად საინტერესო საგანმანათლებლო-დასასვენებელი სივრცე მოეწყობა.

შემდეგ ეტაპზე ახალ ზოოპარკში ირმებსა და ნიამორებს გადაიყვანენ.

ახალი ზოოპარკის ინფრასტრუქტურის სრულ მოწესრიგებამდე, მსურველები ცხოველთა დათვალიერებას საცხენოსნო ტურის ფარგლებში შეძლებენ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე