კანცელარიასთან ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ

საქართველო, თბილისი - 11:05 | 17.05.2017
ნანახია: 1067

თბილისში, კანცელარიასთან ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. შეკრებილებს საფრთხისგან პოლიციის კორდონი იცავთ.

აქციის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ უფრო და უფრო იზრდება ნეგატიური დამოკიდებულებები ლგბტი ჯგუფის წევრთა მიმართ, რაც ხშირად შეუძლებელს ხდის ლესბოსელი, გეი ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ინტერსექსი ადამიანებისთვის თავიანთი უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობას სხვა მოქალაქეების თანასწორად.

"ბოლო წლებში მიღწეული პოზიტიური საკანონმდებლო ცვლილებების ფონზე, უფრო და უფრო იზრდება ნეგატიური დამოკიდებულებები ლგბტი ჯგუფის წევრთა მიმართ, რაც ხშირად შეუძლებელს ხდის ლესბოსელი, გეი ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ინტერსექსი ადამიანებისთვის თავიანთი უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობას სხვა მოქალაქეების თანასწორად. სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს ის გარემოება, რომ გენდერსა და სექსუალობასთან დაკავშირებული საკითხები დღემდე ძირითადად "მორალისა" და "ტრადიციების" კონტექსტში განიხილება და იგნორირებული რჩება საკითხის უფლებრივი და სოციალური ასპექტები. სახელმწიფოს არასეკულარული პოლიტიკის გამო, ლგბტი თემისა და მათი მხარდამჭერებისთვის დღემდე პრობლემურია გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობა.

წელსაც, ცალკეული კლერიკალური და რადიკალურად განწყობილი სხვადასხვა ჯგუფების მხრიდან მომდინარე საფრთხის გამო, ლგბტი აქტივისტებსა და მათ მხარდამჭერებს ისევ დროსა და სივრცეში შეზღუდულ, აქციის წინასწარი დაანონსების გარეშე, პოლიციის მკაცრი კონტროლის პირობებში, გვიწევს ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნა.

ნეგატიური დამოკიდებულებები მანიფესტირდება ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ ძალადობაში, დისკრიმინაციისა თუ სოციუმიდან გარიყვის ცალკეულ ფაქტებში. სათემო და უფლებადაცვითი ორგანიზაციების მიერ ბოლო წლებში დოკუმენტირებული ძალადობისა და დისკრიმინაციის ფაქტები და სტატისტიკა აჩვენებს, რომ ლგბტი თემის ყოველ მესამე წევრს აქვს ფიზიკური ძალადობის გამოცდილება, ათიდან 9 კი ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლია. ბოლო პერიოდში გახშირდა თავდასხმის ფაქტები ტრანსგენდერ ქალებზე, რომელთაგან 2 მკვლელობით დასრულდა.

სამწუხაროდ, საზოგადოებაში არსებული ჰომოფობიისა და ტრანსფობიის მაღალი დონის გამო, ამ დანაშაულთა უმეტესობა შეუმჩნეველი რჩება. სწორედ ამიტომ, 2017 წლის 17 მაისს დაგეგმილი აქციის მთავარი მიზანი საზოგადოების ყურადღების მიპყრობაა იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე, რომელსაც საქართველოში მცხოვრები ლესბოსელი, გეი ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ინტერსექსი ადამიანები აწყდებიან ყოველდღიურ ცხოვრებაში. ნუ დადგები ძალადობის მხარეს!”, - წერია გავრცელებულ განცხადებაში.

17 მაისი ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე