ჩინეთის ერთ-ერთი წამყვანი მანქანათმშენებელი კომპანია JAC-ის ელექტრომობილები, შესაძლოა, საქართველოშიც აეწყოს

საქართველო, თბილისი - 19:08 | 16.05.2017
ნანახია: 1401

JAC-ის ფირმის ელექტრომობილები შესაძლოა, საქართველოშიც აეწყოს, - აღნიშნულ საკითხზე ისაუბრა დღეს, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთის ერთ-ერთი წამყვანი მანქანათმშენებელი კომპანიის, „Anhui Jianghuai Automobile Co" (Anhui Jianghuai Automobile Co) ტოპ-მენეჯმენტთან შეხვედრისას.

საწარმო ჩინეთის ანჰოის პროვინციაში მდებარეობს და ელექტრომობილების გარდა, სხვადასხვა ტიპის ტექნიკასაც უშვებს.

„ჩვენ კომპანიის ხელმძღვანელთან ვისაუბრეთ, თუ რის გაკეთება შეგვიძლია ერთობლივად და შევთანხმდით, რომ JAC-ი დაიწყებს შესაძლებლობების კვლევას, რომელიც გამოავლენს, რამდენად შეიძლება საქართველოში თავდაპირველად საამწყობო ქარხნის აშენება, ხოლო შემდგომში - სრული წარმოების ამოქმედება," - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა,დიმიტრი ქუმსიშვილმა კომპანიის თავმჯდომარესა და პრეზიდენტთან, ან ცინთან შეხვედრის შემდეგ.

მისი თქმით, ჩინური ავტოკონცერნისთვის მნიშვნელოვანია როგორც სამხრეთ კავკასიის ბაზარზე შემოსვლა, არამედ მათ დიდი ინტერესი გამოიჩინეს თავისუფალი სავაჭრო რეჟიმებით, რომლითაც საქართველო სარგებლობს, მათ შორის, ევროპის ქვეყნებთან.

„მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მოესმინათ, თუ რას ვაპირებთ შემდგომი 4 წლის განმავლობაში, მათ შორის, რამდენად მნიშვნელოვანი განვითარება ექნება ინფრასტრუქტურულ პროექტებს ქვეყანაში", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა, რომელმაც შეხვედრაზე, ასევე შესთავაზა JAC-ის ხელმძღვანელობას საქართველოს, როგორც ევროპასა და ჩინეთს შორის უმოკლესი სატრანზიტო გზის გამოყენება პროდუქციის ტრანსპორტირებისას, ასევე საქართველოში რეგიონული ფილიალის დაფუძნება, მსოფლიოს სხვა ავტოკონცერნების მსგავსად, საქართველოში და ბიზნესის საქართველოდან წარმოება.

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ასევე, დაათვალიერა „JAC Motors"-ის საამწყობო საწარმო და გაეცნო კომპანიის პროდუქციას, მათ შორის, უახლოესი ტექნოლოგიის ელექტრომობილებს, სამგზავრო და სატვირთო ავტოტექნიკას, რომლებიც იყიდება არა მხოლოდ ჩინეთში, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც.

შეხვედრას „JAC"-ის ოფისში, ასევე, დაესწრნენ სს „საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე და საქართველოს ელჩი ჩინეთში დავით აფციაური.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე