გიორგი მარგველაშვილმა ბრატისლავაში კომენიუსის უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა

საქართველო, თბილისი - 11:33 | 16.05.2017
ნანახია: 1075

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, სლოვაკეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ბრატისლავაში კომენიუსის უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა  - "უსაფრთხოება შავ ზღვაში, როგორც ევროპული სტაბილურობის ქვაკუთხედი".

გიორგი მარგველაშვილმა სტუდენტებს ევროპის განვითარებასთან მიმართებაში შავი ზღვის რეგიონის ისტორიულ მნიშვნელობაზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ ჩვენი რეგიონის მომავალი პირდაპირ უკავშირდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების კეთილდღეობასა და წინსვლას.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველო საუკუნეების მანძილზე ყოველთვის აქტიურად იყო ჩართული ევროპის განვითარებაში. საქართველო ევროპული ქვეყანაა და არა ევროპის მეზობელი.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველო შავი ზღვის რეგიონის ევროპული სტაბილურობის ქვაკუთხედია, რომელიც სხვადასხვა გამოწვევების წინაშე დგას, მაგრამ ერთგული რჩება საერთო ევროპული და ევროატლანტიკური პრინციპებისა და ღირებულებებისა.

გიორგი მარგველაშვილმა საქართველო რუსეთის ურთიერთობებისა და ოკუპირებული რეგიონების შესახებ ისაუბრა.

პრეზიდენტის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია და ჩვენი მოსახლეობის 15% დევნილი და იძულებით გადაადგილებული პირია,  საქართველო კვლავ ახერხებს რომ იყოს საერთაშორისო სამშვიდობო  მისიებში უდიდესი კონტრიბუტორი არაწევრ ქვეყნებს შორის.

საქართველოს პრეზიდენტმა შავი ზღვის რეგიონისა და ვიშეგრადის ჯგუფის რეგიონული თანამშრომლობის პოტენციალზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველას გვჭირდება ძლიერი მხარდაჭერა და რეგიონული თანამშრომლობა, რათა თავიდან ავიცილოთ მოსალოდნელი საფრთხეები.

გიორგი მარგველაშვილმა სტუდენტებს საქართველოს ის შესაძლებლობები გააცნო, რომელიც საქართველოსათვის ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებების ხელმოწერამ გააჩინა. მისი განცხადებით, ევროკავშირის ქვეყნებთან ეკონომიკური თანამშრომლობის დინამიკა სწრაფად იზრდება და საქართველოს სხვა მეგობრული სახელმწიფოები დაინტერესებულნი არიან DCFTA- ს შესაძლებლობებით.

ლექციის შემდეგ კომენიუსის უნივერსიტეტის პრორექტორმა გიორგი მარგველაშვილს საპატიო სტუმრის მედალი გადასცა.

გიორგი მარგველაშვილი ქართველ სტუდენტებსაც გაესაბრა, რომლებიც კომენიუსის უნივერსიტეტში სწავლობენ და მათთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღო.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე