ევროვიზიის პირველ ნახევარფინალში თამარა გაჩეჩილაძე მეორე ნომრად გამოვიდა

საქართველო, თბილისი - 23:17 | 09.05.2017
ნანახია: 3411

თამარა გაჩეჩილაძე, სიმღერით Keep the Faith ევროვიზიის სიმღერის კონკურსის პირველ ნახევარფინალში მე-2 ნომრად გამოვიდა. კიევის საერთაშორისო საგამოფენო ცენტრში პირველი ნახევარფინალური საღამოს დასასრულს გაირკვევა, გადავა თუ არა ქართველი მონაწილე ფინალში. 

პირველი ნახევარფინალის მონაწილეები საერთაშორისო ჟიურიმ გუშინ შეაფასა. დღეს კონკურსანტებს მაყურებელი შეაფასებს. შოუს დასასრულს ჟიურისა და მაყურებლის ხმის მიცემის შედეგები პროპორციულად (პრინციპით 50/50%-ზე) დაჯამდება. პირველი ნახევარფინალის მონაწილე 18 კონკურსანტიდან ფინალში -10 რჩეული შემსრულებელი გადავა. 

რიგით 62-ე ევროფესტივალის პირველი ნახევარფინალის კონკურსანტები კიევის საერთაშორისო საგამოფენო ცენტრში, სცენაზე შემდეგი თანმიმდევრობით გამოვლენ: 

1.შვედეთი

2.საქართველო

3.ავსტრალია

4.ალბანეთი

5.ბელგია

6.მონტენეგრო

7.ფინეთი

8.აზერბაიჯანი

9.პორტუგალია

10.საბერძნეთი

11.პოლონეთი

12.მოლდოვა

13.ისლანდია

14.ჩეხეთის რესპუბლიკა

15.კვიპროსი

16.სომხეთი

17.სლოვენია

18.ლატვია

ევროვიზიის სიმღერის კონკურსის წესის თანახმად, ფინალში ავტომატურად გადადიან მასპინძელი ქვეყნის (უკრაინა) და ე. წ. დიდი ხუთეულის - გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ესპანეთის, იტალიის წარმომადგენლები. დანარჩენი 20 შემსრულებელი ნახევარფინალური ტურებიდან შეირჩევა. მეორე ნახევარფინალი 11 მაისს გაიმართება. ევროფესტივალის გრანდიოზული ფინალი კი 13 მაისს ჩატარდება და კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდება. ფინალისტი ქვეყანა რიგით 63-ე ევროფესტივალის მასპინძლის სტატუსს მოიპოვებს.

2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის პირველი ნახევარფინალური ტურის პირდაპირი ტრანსლირება კიევიდან, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე, 23:00 საათიდან, მიმდინარეობს. შოუს მსვლელობისთვის თვალყურის დევნება შესაძლებელია ონლაინ სივრცეში, საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდზე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე