ე.წ. ციანიდის საქმეზე წინასასამართლო სხდომა დაიხურა

საქართველო, თბილისი - 13:38 | 05.05.2017
ნანახია: 1082

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმეზე მიმდინარე წინასასამართლო სხდომა დაიხურა. მოსამართლე ბადრი შონიამ სხდომის დახურვის შესახებ ბრალდების მხარის მოთხოვნა და არგუმენტები გაითვალისწინა.

სხდომის დახურვის მოთხოვნის ერთ-ერთი არგუმენტი, საქმეში არსებული ის ვიდეო და აუდიო მტკიცებულებები გახდა, რომელშიც ბრალდების მხარის მტკიცებით, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ფიგურირებენ. მოსამართლის განცხადებით, სხდომის ღიაობის შემთხვევაში, მათი ვინაობის გამჟღავნება მოხდება, რაც მისი თქმით, მათი თავისუფლების ხელყოფაა.

ბრალდების მხარის მოთხოვნას დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები არ ეთანხმებოდნენ. ისინი სასამართლოს სხდომის ღიაობას ითხოვდნენ. 


ბრალდებულ დეკანოზს პროკურატურამ 26 აპრილს ბრალი დაუმძიმა. უწყების მტკიცებით, "დადასტურდა, რომ საქმე გვაქვს ანგარებით, თანამდებობრივი მდგომარეობის და მატერიალური სარგებლის შენარჩუნების მოტივით - განზრახ მკვლელობის მომზადებასთან". სსკ-ის 18, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი (განზრახ მკვლელობის მომზადება ანგარებით) სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 16-დან 20 წლამდე პატიმრობას.

საგამოძიებო უწყების მტკიცებით, "გიორგი მამალაძე კარიერული წინსვლის დამაბრკოლებლად აღიქვამდა კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილს და მიაჩნდა, რომ ეს უკანასკნელი ცდილობდა მის გათავისუფლებას სამედიცინო ცენტრის გენერალური დირექტორის თანამდებობებიდან".

დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით 2017 წლის 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. პროკურატურის მტკიცებით, მამალაძის ბარგის დათვალიერებისას "ფარულად შენახული, მკვლელობის ჩასადენად განკუთვნილი მომწამვლელი ნივთიერება „ნატრიუმის ციანიდი“ ამოიღეს".

გიორგი მამალაძე ბრალდებას უარყოფს. მისი განცხადებით, ციანიდის და გველის შხამის შეძენა თავად შორენა თეთრუაშვილმა სთხოვა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე