,, ციანიდის საქმეზე", პირველი წინასასამართლო სხდომა დღეს გაიმართება

საქართველო, თბილისი - 10:30 | 05.05.2017
ნანახია: 1134

ციანიდის საქმეზე", რომელზეც დეკანოზი გიორგი მამალაძეა ბრალდებული, პირველი წინასასამართლო სხდომა დღეს გაიმართება. პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზეა ჩანიშნული. 

არსებული ინფორმაციით, სასამართლო პროცესი პირველ ეტაპზე ღია იქნება, თუმცა გამორიცხული არაა, პროკურატურამ ხვალინდელი პროცესის დახურვის შუამდგომლობაც დააყენოს. დეკანოზი და მისი ადვოკატები კი ითხოვენ, პროცესი არ დაიხუროს და საქმის განხილვა საჯარო იყოს.

სხდომაზე სახელმწიფო ბრალდება სასამართლოს დასაშვებად ცნობისთვის იმ მტკიცებულებებს წარუდგენს, რომლებიც პროკურატურის აზრით დეკანოზის მიერ დანაშაულის ჩადენას ამტკიცებს. თავის მხრივ წარდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, დაცვის მხარე საკუთარ პოზიციას დააფიქსირებს, რომელ მტკიცებულებებს მიიჩნევს სადავოდ და რომელს - არა. ადვოკატები სასამართლოს ასევე საკუთარ მტკიცებულებებსაც წარუდგენენ. 

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ადვოკატები დეკანოზ გიორგი მამალაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნის შეწყვეტის შუამდგომლობასაც დააყენებენ, რადგან მიიჩნევენ, რომ საქმის წარმოებისთვის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და დეკანოზის ბრალეულობის დასამტკიცებლად პროკურატურას არავითარი მტკიცებულება არ გააჩნია. 

შეგახსენებთ, დეკანოზ გიორგი მამალაძეს პროკურატურა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებას ედავება. მას ბრალი თავდაპირველად მკვლელობის მომზადებისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაში ედებოდა, თუმცა, მოგვიანებით პროკურატურამ მას ბრალი დაუმძიმა და ანგარებით განზრახ მკვლელობის მომზადების მუხლში გადაუკვალიფიცირა. დეკანოზ გიორგი მამალაძის ბრალდების საქმეზე პროკურატურამ ძიება 27 აპრილს დაასრულა. საგამოძიებო უწყების ვერსიით, არსებული მატერიალური და იერარქიული მდგომარეობის შენარჩუნებისა და მომავალში კარიერული წინსვლის უზრუნველსაყოფად, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ ანგარებით განიზრახა ძლიერმოქმედი მომწამვლელი ნივთიერების, ციანიდის გამოყენებით შორენა თეთრუაშვილის მკვლელობა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე