მემუქრებოდნენ, რომ ჩემს თვალწინ გააუპატიურებდნენ პატიმრებს - გიორგი აბდალაძე

საქართველო, თბილისი - 12:24 | 04.05.2017
ნანახია: 1122

"მემუქრებოდნენ, რომ ჩემს თვალწინ გააუპატიურებდნენ პატიმრებს და შემდეგ მათთან საკანში ჩამსვამდნენ”, - ამის შესახებ ფოტორეპორტიორმა გიორგი აბდალაძემ სასამართლოში დაკითხვისას განაცხადა. აბდალაძემ საქმეში მონაწილე ამ დრომდე უცნობი გვარები დაასახელა. ერთ-ერთი ასეთია ვიქტორ ყაჭეიშვილი, რომელიც გლდანის მერვე საპყრობილის ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომელია. აბდალაძის განცხადებით სწორედ ყაჭეიშვილის მხრიდან იყო მუქარა გაუპატიურების შესახებ.

მისივე თქმით, ზურაბ ქურციკიძე თავის ჩამოხრჩობას აპირებდა.

"სასამართლოში როცა წაგვიყვანეს, განადგურებული ირაკლი გედენიძე ვნახე. მანამდე მოდულში ადვოკატმა მითხრა, რომ გედენიძეებმა წარდგენილი ბრალი აღიარეს. მივხვდი რაშიც იყო საქმე. მახსოვს, ზურამ მანიშნა ხელით რაღაც, მივხვდი რომ თავის ჩამოხრჩობას აპირებდა. ვანიშნე არ ქნამეთქი, ჩვენი სიმართლის დასამტკიცებლად უნდა ვიბრძოლოთქო", - განაცხადა აბდალაძემ. 

მოწმემ გლდანის ციხეში ციხის დირექტორისგან მუქარაზეც ისაუბრა, რომელიც მისი თქმით ეუბნებოდა, რომ ციხიდან მისი ბრალდების მუხლით, ცოცხალი ვერავინ გადისო.

კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი დავით დევნოზაშვილი ​ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 2016 წელს დააკავა. საუბარია 2011 წელს ჯაშუშობის ბრალდებით ოთხი ფოტოგრაფის - ზურაბ ქურციკიძის, ირაკლი და ნათია გედენიძეებისა და გია აბდალაძის დაკავების საქმეზე. ფოტოგრაფები მოგვიანებით საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გაათავისუფლეს. 

 



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე