ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივაზე საჯარო ლექცია წაიკითხა

საქართველო, თბილისი - 17:17 | 03.11.2015
ნანახია: 1795

მიმდინარე წლის 3 ნოემბერს, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური მშობლიურ, მე-14-ე საჯარო სკოლას ესტუმრა, სადაც „სკოლაში დაბრუნება“ პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა.

აღნიშნული პროექტი ნატოს კვირეულის ფორმატში ტარდება და მისი მიზანია, საზოგადოების ინფორმირება საქართველოს ნატოსთან და ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმდინარეობაზე, ზოგადად, საქართველოს საგარეო-პოლიტიკურ პრიორიტეტებზე.

ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა შეხვედრაზე ისაუბრა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე და ამ მიმართულებით ჩვენი ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესზე.

მინისტრმა სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს მიაწოდა ინფორმაცია იმ რეფორმების თაობაზეც, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის დირექტივებთან ჰარმონიზაციის კუთხით მიმდინარეობს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში. საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მნიშვნელობას და იმ შესაძლებლობებს, რომელსაც აღნიშნული შეთანხმება აძლებს ჩვენს ბიზნესკომპანიებს ევროკავშირის ბაზარზე შესვლის მიმართულებით.

შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა ისაუბრა იმ საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის ევროკავშირის მხარდაჭერით, მუდმივად მიმდინარეობს ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში, არა მხოლოდ ქვეყნის, არამედ რეგიონის მასშტაბით. აღნიშნული პროგრამები ხელს უწყობს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას, მიღებული ცოდნის გაზიარებას და სხვა.

ფინანსთა მინისტრმა ასევე ისაუბრა, თუ რა მნიშვნელობა აქვს საზოგადოების, მათ შორის, ახალგაზრდების ჩართულობას და სწორ ინფორმირებას ჩვენი ქვეყნის საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტების შესახებ. მან იმედი გამოთქვა, რომ ახალი თაობა უფრო აქტიურ მონაწილეობას მიიღებს ამგვარ დისკუსიებსა და შეხვედრებში, რათა მათ რაც შეიძლება ბევრ თანატოლს გაუზიარონ ცოდნა ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებზე.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მოსწავლეებისა და პედაგოგების შეკითხვებს უპასუხა.

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მიერ ინიცირებული პროექტი მაღალი თანამდებობის პირების, ცნობილი ადამიანების საკუთარ სკოლებში მოსწავლე-ახალგაზრდობასთან და პედაგოგებთან შეხვედრებს ითვალისწინებს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე