სასამართლომ ყაჩაღობაში ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

საქართველო, თბილისი - 14:07 | 18.04.2017
ნანახია: 1113

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობაში ბრალდებული, წარსულში ყაჩაღობისთვის ნასამართლევი კ.რ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და  მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 15 ივლისს,  00:00 საათზე, ქ.თბილისში, ვარკეთილი 3-ის პირველი მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე კ.რ. ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი პისტოლეტის გამოყენებით თავს დაესხა ი.რ.-ს, სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის მუქარით დაეუფლა მის კუთვნილ „მერსედესის“ მარკის ავტომანქანას, 250 ლარს და  შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა კ.რ. 16 ივლისს თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და  მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, არაერთგზის) წარედგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ კ.რ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და  სასჯელის სახედ და ზომად  9  წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე