დუშეთის რაიონში სამართალდამცველი დაჭრეს

საქართველო, თბილისი - 10:31 | 18.04.2017
ნანახია: 1281

დუშეთის რაიონში სამართალდამცველი დაჭრეს. შემთხვევა სოფელ ოძისში მოხდა. თვითმხილველთა თქმით, პოლიციელი სოფელში ერთ-ერთ ოჯახში სტუმრად იყო, რა დროსაც მას შელაპარაკება მოუვიდა იქ მყოფ ერთ-ერთ პიროვნებასთან. სამართალდამცველს ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა ფეხის არეში მიაყენეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, თავდამსხმელი ადგილზე დააკავეს. დაშავებულს მცხეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრში ოპერაცია ჩაუტარდა. მისი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

ინციდენტის დეტალებზე დაჭრილის ოჯახის წევრები არ საუბრობენ. შემთხვევის ადგილზე გვიან ღამემდე მუშაობდნენ სამართალდამცველები. გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდიანრეობს.

შსს-ში აცხადებენ, რომ ინციდენტის დროს პოლიციელი სამსახურეობრივ მოვალეობას არ ასრულებდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე