უნგრეთის მთავრობა მზადაა თბილისის ზოოპარკის აღდგენაში მიიღოს მონაწილეობა

საქართველო, თბილისი - 18:56 | 22.09.2015
ნანახია: 1982

მიმდინარე წლის 22 სექტემბერს, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, სილვია პეტოს (Szilvia Peto) შეხვდა.

როგორც ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, უნგრეთის მთავრობამ გამოთქვა მზადყოფნა ფინანსური და ტექნიკური დახმარება გაუწიოს დედაქალაქის მთავრობას ზოოპარკის აღდგენის პროცესში. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, უნგრული მხარე საჭიროების შემთხვევაში ასევე გადაამზადებს ქართველ სპეციალისტებს.

ფინანსთა მინისტრმა სტუმარს მადლობა გადაუხადა აღნიშნული ინიციატივისთვის და მიაწოდა ინფორმაცია იმ გეგმების შესახებ, რომლსაც დედაქალაქის მერია გეგმავს თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი ზოოპარკის მშენებლობის მიმართულებით.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ფინანსთა სამინისტრო მზადაა დაინტერესების შემთხვევაში უნგრულ მხარეს დამატებით, დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს იმ საჭიროებების შესახებ, რაც დედაქალაქში 13-14 ივნისის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებისთვისაა საჭირო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე