პარლამენტი დემოგრაფიული პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავებას იწყებს

საქართველო, თბილისი - 18:24 | 22.09.2015
ნანახია: 2436

დღეს საქართველოს პარლამენტში, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივით გაიმართა შეხვედრა ცნობილ ქართველ დემოგრაფებთან. შეხვედრის თემა იყო ქვეყნის დეგრაფიული პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავება, რასაც პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი უხელმძღვანელებს.

„ სამი წლის წინ ჩვენ ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება გამოვაცხადეთ და ამ მიმართულებით უკვე გადავდგით სერიოზული ნაბიჯები. მიღებული გვაქვს რამდენიმე კანონი და განხორციელებულია არაერთი სამთავრობო ინიციატივა, მათ შორის ერთ-ერთი მთავარია პრემიერის გადაწყვეტილება, ყოველ მესამე და შემდგომ ახალშობილზე ფულადი დახმარება ორი წლის მანძილზე ბარში 150, ხოლო მთიან რეგიონებში 200 ლარის ოდენობით. ეს ინიციატივა ხორციელდება 2014 წლიდან რეგიონალური პრინციპით. გვაქვს მნიშვნელოვანი ინიციატივები განხორციელებული ფეხმძიმე ქალების მედიკამენტებით უზრუნველყოფაზე, აბორტებზე, დეკრეტულ შვებულებაზე და სხვა. ამ ყველაფერმა შედეგი უკვე მოგვცა: 2014 წლის მონაცემებით, გაზრდილია შობადობა, შემცირებულია სიკვდილიანობა და საგრძნობლად დაწეულია აბორტების რაოდენობა.

მიუხედავად იმისა, რომ შედეგი უკვე გვაქვს, პრობლემა იმდენად მწვავეა, რომ ეს საქმე კიდევ უფრო დატვირთულ და სერიოზულ მუშაობას ითხოვს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ შევიმუშაოთ სახელმწიფო დემოგრაფიული პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც თავმოყრას გააკეთებს უკვე განხორციელებული ინიციატივების და შეიმუშავებს ახალ საკითხებს ყველა მიმართულებით. დემოგრაფია არ ეხება მხოლოდ ჯანდაცვას და სოციალურ თემას, ეს არის განათლება, ეკონომიკა, რეგიონალური განვითარება, მიგრაცია და ა.შ. ამიტომ შეიქმნება მულტისექტორული ჯგუფი, რომელიც იმუშავებს კონკრეტულ მიმართულებებზე კონკრეტულ სფეროში.

დღეს გვქონდა პირველი შეხვედრა ცნობილ ქართველ დემოგრაფებთან, რომლებსაც აქვთ დიდი გამოცდილება და ცოდნა ამ სფეროში. პირველ რიგში დავიწყეთ მუშაობა სტრატეგიის ჩამოყალიბებაზე და კონცეფციაზე, რაშიც ჩაერთვებიან საერთშორისო ორგანიზაციებიც. შემდგომ უკვე მოვამზადებთ სახელმწიფო დემოგრაფიული პოლიტიკის დოკუმენტს. თუ არ სახის იქნება ეს დოკუმენტი, ამას მუშაობის პროცესი გვაჩვენებს. მთავარია, ოცდაათწლიანი მძიმე დემოგრაფიული პრობლემების შემდეგ, სახელმწიფომ პირველად დაიწყო ფართომასშტაბიანი დემოგრაფიული პოლიტიკის გატარება“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე