ანა ნაცვლიშვილი: უზენაესი სასამართლო ვალდებულია, რომ საჯარო განმარტება გააკეთოს

საქართველო, თბილისი - 13:14 | 20.03.2017
ნანახია: 1160

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე უზენაესი სასამართლოს მიერ გავრცელებულ იმ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც რუსთავი 2-ის საქმეზე დიდი პალატა 1 დეკემბერს დაკომპლექტდა.

ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ 6 მარტს უზენაესი სასამართლოს მიერ გავრცელებული ცნობა კითხვის ნიშნებს აჩენს, რადგან საქმეში მონაწილე მხარეებს დიდი პალატის დაკომპლექტების შესახებ ინფორმაცია თებერვლის ბოლომდე არ ჰქონდათ.

საიას თავმჯდომარის თქმით, უზენაესი სასამართლო ვალდებულია, რომ საჯარო განმარტება გააკეთოს.

 „მნიშვნელოვანია, რომ თავად უზენაესი სასამართლოს მხრიდან მოვისმინოთ განმარტება, იმიტომ, რომ თავად მხარეებისთვის ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არ იყო ცნობილი კოლეგიის შემადგენლობა და ამასთან დაკავშირებით მუდმივად ისმოდა კითხვები და პასუხი უზენაესის მხრიდან არ ჩანდა. ეს ასევე მნიშვნელოვანია იმ კონტექსტში, რომ ორივე მხარეს ჰქონდა სურვილი, რომ გარკვეული მოსამართლეების მიმართ დაეყენებინა აცილების შუამდგომლობები და ბუნებრივია, როდესაც არ იცი რა შემადგენლობის კოლეგია განიხილავს შენს საქმეს, გარკვეულწილად ეს შესაძლებლობაც გეზღუდება, რომ დროულად დააყენო აცილების შუამდგომლობა. ამიტომ, ყველა შემთხვევაში დღეს უზენაესი სასამართლო ვალდებულია, რომ საჯარო განმარტება გააკეთოს,“ - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 6 მარტს უზენაესი სასამართლოს ვებ გვერდზე გაჩნდა ინფორმაცია, სადაც წერია რომ უზენაესმა სასამართლომ, 1 დეკემბერს დააკომპლექტა დიდი პალატის 9 კაციანი შემადგენლობა, თუმცა რუსთავი 2-სთვის მათი ვინაობა 3 თვის განმავლობაში უცნობი იყო.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე