ბათუმის აქციაზე დაკავებულ 4 პირს სასამართლომ 250-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა

საქართველო, თბილისი - 14:37 | 14.03.2017
ნანახია: 1199

ბათუმის საქალაქო სასამართლომ 11-12 მარტს გამართული აქციის დროს დაკავებულ 4 პირს - მამუკა ბერიძეს, ცოტნე აბულაძეს, ალექსანდრე ბაზაღჩიანსა და ზაზა ქოქოლაძეს სასჯელის სახით 250-250-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა. დაკავებულებს ბრალი „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 173-ე და 166-ე მუხლებით აქვთ წაყენებული, რაც პოლიციელის კანონიერი  მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

კიდევ ერთი დაკავებულის, ნარიმან ლომინაძის პროცესი  გადაიდო. მოსამართლე გოჩა ფუტკარაძის გადაწყვეტილებით, ლომინაძეს დამატებითი დრო მიეცა, რათა სასამართლოს  წარუდგინოს იმის მტკიცებულება, რომ ის აქციაზე არ იმყოფებოდა. ლომინაძის პროცესი ხვალ, 15:00 საათისთვის გაიმართება.

საქმე მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ განიხილა. 

11-12 მარტს, ბათუმში აჭარის მთავარ სამმართველოსთან გამართული აქციის მონაწილეებმა რამდენიმე ავტომანქანა, მათ შორის პოლიციის ავტომობილები დაწვეს, ასევე გაანადგურეს სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურა. გავრცელებული ინფორმაციით, აქციაზე 75 ადამიანი დააკავეს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე