ვანო მერაბიშვილის საქმეს სტრასბურგში 8 მარტს განიხილავენ

საქართველო, თბილისი - 12:15 | 04.03.2017
ნანახია: 1407

8 მარტს ვანო მერაბიშვილის საქმეს ევროპულის სასამართლის დიდი პალატა განიხილავს, ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპული საქართველოს წევრი“ და ვანო მერაბიშვილის ადვოკატი ოთარ კახიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„დღეს სტრასბურგია მთავარი საკითხი და შეგახსენებთ, რომ 8 მარტს ვანო მერაბიშვილის საქმის ზეპირი განხილვაა ევროპული სასამართლოს დიდ პალატაში. ამ საქმეზე აპლიკაცია მე გავგზავნე და ვიცავდი ვანოს უფლებებს.

მტკიცებულებათა წარდგენა დავასრულეთ თუ არა, თეა წულუკიანმა სასამართლოს მიწერა - ოთარ კახიძე პარლამენტის წევრი გახდა, ადვოკატი აღარ არის და ყველა მტკიცებულება, რომელიც წარმოგიდგინათ, დაუშვებლად სცანითო.

ადვოკატთა ასოციაციის წევრობა არ არის აუცილებელი იმისათვის, რომ დაიცვა ადამიანის უფლება და წარმოადგინო განმცხადებელი სტრასბურგის სასამართლოში. ეს იციან კვალიფიციურმა იურისტებმა, მაგრამ არ იცოდა ქ-ნმა თეამ.

სასამართლოს პრეზიდენტმა არ დააკმაყოფილა იუსტიციის სამინისტროს მოთხოვნა, ჩემი გაგზავნილი მტკიცებულებები დაშვებულია და მე კვლავ წარმოვადგენ ვანო მერაბიშვილის ინტერესებს,“ - წერს ოთარ კახიძე. 

მისივე ინფორმაციით, ევროსასამართლოს პრეზიდენტმა არ დააკმაყოფილა იუსტიციის სამინისტროს მოთხოვნა და ის კვლავ ვანო მერაბიშვილის ადვოკატია.

შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ამჟამად პატიმარმა ვანო მერაბიშვილმა, რომელსაც სახელმწიფო სხვადასხვა დანაშაულებებზე ედავება, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სარჩელი 2013 წლის 20 ნოემბერს შეიტანა. 2016 წლის 14 ივნისს ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა და მერაბიშვილის მიმართ ორი მუხლის დარღვევა დაადგინა.

ყოფილი მინისტრის პრეტენზიებიდან ერთ-ერთი, საკნიდან მის უკანონო გაყვანას უკავშირდება.

2017 წლის 22 თებერვალს, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სასჯელაღსრულების დაწესებულების საკნიდან ივანე მერაბიშვილის შესაძლო გაყვანის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა და განაცხადა, რომ მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ფაქტი გამოძიებით არ დადასტურდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე