სუს-მა გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით უკრაინის შესაბამის უწყებებს მიმართა

საქართველო, თბილისი - 12:01 | 30.10.2015
ნანახია: 1802

მედიაში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სპეციალური ბრიფინგი გაიმართა. სუს-ის უფროსის მოადგილის ლევან იზორიას განცხადებით, აღნიშნული ჩანაწერები იმ გამოძიების ფარგლებში განიხილება, რომელიც 24ოქტომბერს 315-ე მუხლით დაიწყო

 ლევან იზორიამ განაცხადა, რომ მედიის მეშვეობით  გუშინ გავრცელებული ჩანაწერების წარმომავლობა და ავთენტურობა დადგინდება.

მისი თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უკვე მიმართა უკრაინის შესაბამის უწყებებს შესაბამისი ინფორმაციის მოპოვების მიზნით.

”გუშინ მედიაში გავრცელდა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, პარტია “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას და ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის გენერალურ დირექტორის, ნიკოლოზ გვარამიას ფარული სატელეფონო ჩანაწერები. გვსურს საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, ამა წლის 24 ოქტომბერს, უკვე დაიწყო გამოძიება საქართველოს  სსკ-ის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად.

როგორც ცნობილია, გამოძიების ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით, უკვე გატარებულია უსაფრთხოების რიგი ღონისძიებები შესაძლო დანაშაულის პრევენციის მიზნით. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ასევე მოხდება მედიით გავრცელებული ჩანაწერების წარმომავლობისა და ავთენტურობის დადგენა, ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, დაიკითხება ყველა შესაბამისი პირი, როგორც აღნიშნული ჩანაწერების, ისე ჩვენს ხელთ არსებული ოპერატიული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უკვე მიმართა უკრაინის შესაბამის უწყებებს სამართლებრივი დახმარებისთვის შესაბამისი ინფორმაციის მოპოვების მიზნით.
საქმის მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საზოგადოებას დამატებით აცნობებს“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

შეგახსენებთ, რო მ უკრაინულმა ინტერნეტგვერდმა uareview.in.ua-მ გამოაქვეყნა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერია საუბრის აუდიოჩანაწერი, სადაც ისინი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ში განსავითარებელ სხვადასხვა სცენარებზე საუბრობენ და გეგმებს აწყობენ, თუ როგორც უნდა აღმართონ ბარიკადები ტელევიზიაში. ასევე, გამოქვეყნდა სააკაშვილისა და „რუსთავი 2“-ის გენდირექტორის ნიკა გვარამიას საუბრის ანალოგიური ჩანაწერი. ჩანაწერების ნამდვილობას გიგა ბოკერია, ნიკა გვარამია და მიხეილ სააკაშილი აუდიოჩანაწერების ავთენტურობას ადასტურებენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე