რონალდუს წარმომადგენლები თურქული სერიალის გადაღებებში ფეხბურთელის მონაწილეობას უარყოფენ

საქართველო, თბილისი - 12:38 | 22.02.2017
ნანახია: 1558

გასულ კვირას თურქმა რეჟისორმა ეიუპ დირლიკმა განაცხადა, რომ ახალ თურქულ სერიალში ”სიცოცხლის ხიდი” ანჯელინა ჯოლი და პორტუგალიელი ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ მიიღებენ მონაწილეობას.

გამოცემა Daily Sabah-ი წერდა, რომ მიმდინარეობს პროექტის თრეილერზე მუშაობა, გადაღებების დაწყება კი მარტში იგეგმება. როგორც გამოცემა იუწყებოდა, სერიალი სირიელი ოჯახის ისტორიას ეძღვნებოდა, რომელიც ომის ცეცხლში გახვეული სირიიდან თურქეთში გაიქცა. პროექტი სამი სეზონისთვის იყო გათვლილი.

ანჯელინა ჯოლის მომავალი შესაძლო გადაღებების შესახებ კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. თუმცა რონალდუს წარმომადგენლებმა თურქულ სერიალში ფეხბურთელის მონაწილეობის შესახებ გამოცემა AS-თვის მოკლე კომენტარი გააკეთეს: ”ეს სიცრუეა”.

აღსანიშნავია, რომ 2016 წლის დეკემბერში რონალდუმ  ჟურნალ FourFourTwo-სთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ კინემატოგრაფიაში სიამოვნებით იმუშავებდა.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე