როგორ დაიწყო თეა წულუკიანის სიყვარულის ისტორია - ჩემზე გავლენას ვერავინ ახდენს

საქართველო, თბილისი - 18:14 | 21.02.2017
ნანახია: 2331

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ცხოვრებაში სიახლეა. ის ცოტა ხნის წინ დაქორწინდა და ბავშვს ელოდება, თუმცა აქტიურ მუშაობას არ ერიდება და ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისთვის მაინც ზრუნავს. მინისტრის ცხოვრება სავსეა საინტერესო მოვლენებით, დატვირთული გრაფიკით, შრომით მიღწეული წარმატებებით.

“OK!”-ის და მინისტრის შეხვედრა ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზში შედგა, რომელიც 2016 წელს, იუსტიციის მინისტრის ინიციატივით გაიხსნა და საქართველოს დოკუმენტური მეხსიერების ყველაზე დიდი საცავის – ეროვნული არქივის პირველი საგამოფენო დარბაზია.

ვრცლად საკუთარ თავზე, ინტერესებსა და ახალშექმნილ ოჯახზე თეა წულუკიანი “OK!”-თან საუბრობს:

ქალბატონო თეა, გაიხსენეთ საქართველოდან წასვლის წლები, მიზეზები და შემდეგ დაბრუნება…

საქართველოდან რამდენჯერმე წავედი − სასწავლებლად და სამუშაოდ, თუმცა ისევ დავბრუნდი. პირველად სკოლაში სასწავლებლად წავედი და შემდეგ სახელმწიფო მართვის სკოლა ENA-ში სასწავლებლად, სადაც ამზადებენ უზენაესი ადმინისტრაციული სასამართლოს მოსამართლეებს და მაღალჩინოსნებს. ბოლო დაბრუნებამდე, სტრასბურგის სასამართლოში ვმუშაობდი. 10 წლის სტაჟი მქონდა. შემეძლო მუდმივად მემუშავა, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობის გამო, 2010 წლის მაისში ჩამოვედი, რათა საკუთარი წვლილი შემეტანა ცვლილებებსა და ქვეყნის აღმშენებლობაში. მაშინ ვამბობდი – ახლა 35 წლის ვარ და თუ არ დავბრუნდი, მერე აღარასოდეს დავბრუნდები-მეთქი.

იუსტიციის მინისტრის პასუხისმგებლობაზე რას გვეტყვით? შემოთავაზებას ადვილად დათანხმდით?

ჩემი წარდგენა იუსტიციის მინისტრად უცნაურად მოხდა. ნაძალადევის რაიონში დეპუტატად ვიყავი არჩეული და მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან დიდი ბრძოლა გავიარეთ ნაძალადეველებთან ერთად. შემდეგ უკვე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა დამიბარა. არ ვიცოდი, რა საკითხზე მივდიოდი. იქ მომავალი მინისტრები იყვნენ შეკრებილნი. რომ შევედი დარბაზში, ბატონმა ბიძინამ თქვა – იუსტიციის მინისტრიც მოვიდაო და ასე გავიგე ჩემი მომავალი დანიშვნის შესახებ. ძალიან გულდასაწყვეტი იყო ნაძალადევის რაიონის დატოვება, მაგრამ პრემიერმა დამამშვიდა, რომ ამ პოზიციიდან არა მხოლოდ ერთი რაიონის, არამედ ქვეყნისთვის საქმის კეთებას შევძლებდი.

პიროვნებები, რომლებიც თქვენზე ახდენენ გავლენას…
ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანნი არიან ოჯახის წევრები. ასევე, სკოლის პერიოდს გავიხსენებ და მასწავლებელს – ქალბატონ დალი გოცირიძეს, რომლის აზრი ჩემთვის ახლაც ღირებულია. გავიხსენებ ასევე უნივერსიტეტის ლექტორს, ალიკა რონდელს… როდესაც პოლიტიკაში მოვდიოდი, სულ მაინტერესებდა, რას იტყოდა ის. მინისტრად დანიშვნამდე, ჩემთვის არასოდეს არაფერი უთქვამს. აი, როცა უკვე მინისტრი გავხდი, მაშინ მითხრა, რომ ჩემ მიერ 2010 წელს გადადგმული ნაბიჯი სწორი იყო. ოჯახში ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევდი, რას იფიქრებდა ჩემი გამზრდელი ბებია – მკაცრი და სამართლიანი ქალი. ჩემს ძმას ყოველთვის ანგარიშს ვუწევდი, რომ ჩემ გამო არ შერცხვენოდა. დღესდღეობით, ჩემზე გავლენას ვერავინ ახდენს. ერთადერთი, ვითვალისწინებ იმ ადამიანის აზრს, რომელსაც ჩემი ბედი საბოლოოდ დავუკავშირე.

წყარო: http://www.okmagazine.ge




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე