ევროკავშირი ENPARD-ის ფარგლებში, ბორჯომში 1,250 მლნ ევროს მოცულობის პროექტს განახორციელებს

საქართველო, თბილისი - 10:44 | 30.10.2015
ნანახია: 2071

საქართველო და ევროკავშირი ENPARD-ის ფარგლებში, სოფლის განვითარების 3 მლნ ევროს მოცულობის პროგრამას იწყებს, რომლის ერთი ნაწილიც ბორჯომის მუნიციპალიტეტში განხორციელდება.

ახალი პროგრამის პრეზენტაცია, ევროკავშირმა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ბორჯომში უკვე გამართეს და ადგილობრი არასამთავრობო ორგანიზაციებს, მეწარმეებსა და ზოგადად მოასახლეობას პროგრამის შესახებ დეტალები მიაწოდეს.

როგორც ირკვევა, ბორჯომის მუნიციპალიტეტში პროექტს “მერსი ქორპსი” განახორციელებს და მისი პარტნიორი ამ საქმეში "Angus Council" იქნება, რომელიც ანალოგიურ პროექტს შოტლანდიაში ახორციელებდა და ავსტრიის ფედერალური ინსტიტუტი, რომელიც ავსტრიაში მაღალმთიანი რეგიონებისა და ცენტრს მოწყვეტილი ადგილების განვითარების საქმის ექსპერტია.

ევროპის სამეზობლოს პროგრამის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის სასოფლო განვითარების პროექტის - "სასოფლო განვითარების ახალი მიდგომა საქართველოში" პრეზენტაცია სასტუმრო „ბორჯომი პალასში“ შედგა და ის მისასალმებელი სიტყვით „მერსი ქორპსის“ გენერალურმა დირექტორმა ირკალი კასრაშვილმა გახსნა.
როგორც მერსი ქორპსის გენერალურმა დირექტორმა განმარტა, ორგანიზაცია 2000 წლიდან მუშაობს საქართველოში და ამ ხნის განმავლობაში 20 პროგრამა აქვს განხორციელებული. მისივე თქმით, ამჟამად ორგანიზაცია 5 პროექტს ახორციელებს, რომელიც 20 მუნიციპალიტეტს მოიცავს.
"რაც შეეხება ახალ პროექტს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ვახორციელებთ სასოფლო განვითარების ახალი მიდგომის დანერგვას და იმედი გვაქვს, რომ ის წარმატებული იქნება", - განაცხადა კასრაშვილმა.
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის დავით გალეგაშვილის განცხადებით, ეს არის მძლავრი სტიმული სოფლის და თემის განვითარებისთვის.
როგორც პროექტის ხელმძღვანელმა მიხეილ ლომიძემ აღნიშნა, 2-დღიანი სემინარის შემდეგ სამოქმედო ჯგუფი ჩამოყალიბდება, რომელშიც 20 ადამიანი შევა.

პროექტის ხელმძღვანელის მიხეილ ლომიძის განმარტებით, პროექტის ხანგრძლივობა 24 თვეა, ხოლო ბორჯომის მუნიციპალიტეტისათვის ბიუჯეტი - 1 250 000 ევრო, რომლის ფარგლებშიც მინიმუმ 20 პროექტის დაფინანსება მოხდება. შემდეგ უკვე დაფინანსებულ პროექტებზე მუდმივად განხორციელდება მონიტორინგი. თითოეული პროექტის მინიმალური დაფინანსება 1 000 ევროს, საშუალო - 25 000 ევროს, ხოლო მაქსიმალური - 60 000 ევროს შეადგენს.

 

თუმცა ვიდრე პროექტების მიღება და შერჩევა დაიწყება ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფი უნდა შეიქმნას, რომელიც 20 ადამიანისგან იქნება დაკომპლექტებული.

„49% სამთავრობო სტრუქტურებიდან უნდა იყოს წარმოდგენილი, 51% კი - კერძო სექტორიდან. სწორდ ამ ხალხის შეფასების შემდეგ მიიღებს მერსი ქორპსი და ბორჯომის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებას, თუ რომელი სფერო დაფინანსდეს", - განაცხადა ლომიძემ.

ლიდერ კოორდინატორად უკვე დასახელდა მამუკა ლურსმანაშვილი.

ბორჯომის პრეზენტაცია იყო გაგრძელება იმ ღონისძიებისა, რომელიც სექტემბერში სტეფანწმინდაში შედგა და მიზნად ისახავდა მედიისთვის იმ სამი საპილოტე პროექტის გაცნობას, რომელიც ლაგოდეხში, ყაზბეგსა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში განხორციელდება. სოფლის განვითარების პროექტის ფარგლებში, ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფები ბორჯომის მსგავსად, ლაგოდეხსა და ყაზბეგში შეიქმნება (LAG), რომლებიც შედგება ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, კერძო სექტორისა და თემის წარმომადგენლებისგან. სწორედ ეს ჯგუფები იქნებიან პასუხისმგებელი ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაზე.
რეგიონებში პროექტების განმახორციელებლები არიან ქეა-ავსტრია (ლაგოდეხი), ადამიანი გაჭირვებაში-ჩეხეთის რესპუბლიკა (ყაზბეგი) და მერსი ქორპსი-შოტლანდია (ბორჯომი).

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე