ქართველმა მკვლევარმა ტურინის უნივერსიტეტის პროექტში გაიმარჯვა

საქართველო, თბილისი - 16:11 | 21.02.2017
ნანახია: 1103

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტმა ტურინის უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებულ სამეცნიერო კვლევების კონკურსში გაიმარჯვა. ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის მეორეკურსელი დოქტორანტი ნინო ადამაშვილი კვლევის ჩასატარებლად იტალიაში გაემგზავრება.

აღნიშნული კონკურსი ტურინის უნივერსიტეტმა იტალიის განათლების სამინისტროსა და სამეცნიერო ფონდების მხარდაჭერით გამოაცხადა. მასში მონაწილეობდნენ მეცნიერები და მკვლევრები მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან. აღსანიშნავია, რომ მენეჯმენტის დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ საკონკურსო კატეგორიაში მხოლოდ ერთი ადგილი იყო და მასზე ქართველი კონკურსანტი შეარჩიეს.

ტურინის უნივერსიტეტი (UNITO) იტალიის ერთ-ერთი უდიდესი და უძველესი პრესტიჟული უნივერსიტეტია. მასში 70 000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს. ცნობილია თავისი საერთაშორისო კვლევებით. მჭიდრო სამეცნიერო კავშირი აქვს მსოფლიოს მრავალ უნივერსიტეტსა თუ სამეცნიერო და საგანმანათლებლო ცენტრთან.

ნინო ადამაშვილმა დაამთავრა ივანე ჯავახიშილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, წარჩინებით გაიარა სამაგისტრო კურსი სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე (მენეჯმენტის განხრით). სწავლობდა ტურინის ტექნიკური უნივერსიტეტის (POLITO) მაგისტრატურაში (მენეჯმენტის ინჟინერინგის განხრით). ამჟამად სწავლობს სტუ-ის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის დოქტორანტურის საფეხურზე (ტელეკომუნიკაციის მენეჯმენტი). არის არაერთი საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე. გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები სხვადასხვა სამეცნიერო ჟურნალში.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე