“ნანილა” - ემიგრაციაში შენარჩუნებული ქართული სული და ქველმოქმედება

საქართველო, თბილისი - 14:26 | 16.02.2017
ნანახია: 3599

კეთილი საქმის გასაკეთებლად, იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები, კიდევ ერთხელ გაერთიანდნენ. ფლორენციის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიასთან არსებულმა ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლმა “ნანილამ”, საკუთარი გამოცდილება და პროფესიონალიზმი კიდევ ერთხელ მიმართა ქველმოქმედებისკენ და ფლორენციაში, სკანდიჩიში გრანდიოზული საქველმოქმედო კონცერტი გამართა.

კონცერტიდან შემოსული თანხა, მთლიანად მოხმარდება ამავესამრევლოსწევრს,გიორგიცუცქირიძეს, რომელიც ურთულეს და ხანგრძლივ მკურნალობას გადის თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში და ოჯახს მკურნალობის სახსრები ფაქტობრივად აღარ აქვს.
“ნანილა”, მაყურებლის წინაშე განახლებული და თავისუფლად შეიძლება ითქვას, სრულყოფილი პროგრამით წარსდგა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ თავს არ ზოგავს, რათა ყოველ ჯერზე უფრო მეტად მოხიბლოს მაყურებელი.

რწმენის, შემართებისა და ენთუზიაზმის წყალობით “ნანილა” დაარსებიდან სულ მცირეხანში, სრულყოფილ ანსამბლად მოგვევლინა, რამდენიმე ფესტივალის ლაურეატიც გახდა და არაერთ ადამიანს დაეხმარა ფეხზე დადგომაში.
ანსამბლს საფუძველი 2011 წლის იანვარში ჩაეყარა, როდესაც მრევლის მოთხოვნით, საქართველოს საპატრიარქომ ფლორენციაში მამა ანდრია (ლაცაბიძე) მიავლინა.

მომღერალთა გუნდს სათავეში ჩაუდგა მუსიკალური ხელმძღვანელი ნანა ჩიხიაშვილი, ხოლო მოცეკვავეთა ჯგუფს - ცნობილი ქორეოგრაფი რიტა სიმსივე. ემიგრანტებისგან და კომპექტებული ანსამბლი 2013 წლის ნოემბერში აკურთხა და გზა დაულოცა დასავლეთე ვროპის მიტროპოლიტმა მეუფე აბრაამმა (გარმელია).

“ნანილამ” პირველი საქველმოქმედო კონცერტი 2014 წელს გამართა და წინ კიდევ უამრავი გეგმა აქვს. იმედია, ემიგრანტების ძალისხმევა დაეხმარება გიორგი ცუცქირიძეს სრულყოფილად გამოჯანმრთელებაში, ხოლო “ნანილა” და ქართველი ემიგრანტები, მომავალშიც გააგრძელებენ ერთმანეთისა და იმ ადამიანების მხარში დგომას, ვინც ამას საჭიროებს.

ნინო მამუკაძე, სპეციალურად იტალიიდან




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე