მამა მიქაელ ბოტკოველი, გამორიცხავს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის წერილში ნახსენები კომპანიებიდან საპატრიარქო რაიმე შემოსავალს ღებულობდა

საქართველო, თბილისი - 09:43 | 15.02.2017
ნანახია: 1232

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, მამა მიქაელ ბოტკოველი, გამორიცხავს, რომ მამა გიორგი მამალაძის წერილში ნახსენები კომპანიებიდან საპატრიარქო რაიმე შემოსავალს ღებულობდა.

ამ საკითხზე მამა მიქაელმა გადაცემა ”არჩევანში” ისაუბრა. მან ასევე აღნიშნა, რომ საპატრიარქოს არანაირი გარიგება ”სნოსთან” არ ჰქონია.

„ძალიან დიდი ეჭვი მიჩნდება ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით. სურვილი მექნებოდა, რომ უფრო მეტი კონკრეტიკა ყოფილიყო მამა გიორგის მხრიდან და ზოგადად არ ეთქვა ამ საკითხებზე,“ - განაცხადა მამა მიქაელმა.

ის აღნიშნავს, რომ როდესაც წერილში მამა გიორგი ”სნოს” საკითხზე წერს, მას ინფორმაცია ბოლომდე არ აქვს გაცნობიერებული.

პატრიარქის მდივანმა აღნიშნა, რომ არ იქნება კარგი, თუ მამა გიორგი მამალაძის ბრალეულობა გამოიკვეთება.

„ამ წერილით ახლა მანიპულირება და თითქოს ბრალის გადატანა პატრიარქის გარემოცვაზე, თითქოსდა მამა გიორგის გმირად გამოყვანა, რომ მან საპატრიარქოში რაღაც ამხილა და მას შეიძლება, ამის გამო რაღაც პრობლემები შექმნოდა, მე ამ თემის ასე გაჟღერებას არ ვისურვებდი,“ - განაცხადა მამა მიქაელ ბოტკოველმა.

მისი თქმით, წერილში ფაქტები დრამატიზირებულია, რადგან ეს წერილი შეიძლება რეალობას არ ასახავდეს.

„ეს შეიძლება, რომ არ ასახავდეს რეალობას და, როგორც უკვე გითხარით, დრამატიზირებუული იყოს ხელოვნურად ის მოქმედებები, რაც იქ არის აღწერილი,“ - განაცხადა მამა მიქაელ ბოტკოველმა. 

 

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე