დეკანოზი გიორგი მამალაძე სასულიერო პირებთან შეხვედრას ითხოვს

საქართველო, თბილისი - 18:56 | 14.02.2017
ნანახია: 2867

ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე სასულიერო პირებთან შეხვედრას ითხოვს, - აცხადებს დაპატიმრებულ დეკანოზთან შეხვედრის შემდეგ ადვოკატი გიორგი ფანცულაია. მისი თქმით, ბრალდებული არის სასულიერო პირი, რომელსაც აქვს კანონიკური წესები და თუნდაც ჩვენება მისცეს და ისაუბროს ბრალდებებზე, შესაბამისი იერარქიის პირებისგან სჭირდება კურთხევა. 
”მამაოს პოზიცია არის ის, რომ როცა შეძლებს საუბარს, ისაუბრებს კომპლექსურად. ის ასევე ამბობს, რომ არის სასულიერო პირი, რომელსაც აქვს კანონიკური წესები, თუნდაც იმისთვის, რომ მან მისცეს ჩვენება და ისაუბრებს ბრალდებებზე, ყველაზე მინიმუმ შესაბამისი იერარქიული პირებისგან სჭირდება კურთხევა. იმედი მაქვს, რომ სასულიერო პირებთან უახლოეს მომავალში შეძლებს კომუნიკაციას”, - განაცხადა ფანცულაიამ. 
გარდა ამისა, დაცვის მხარე მოითხოვს პროკურატურამ გააუქმოს გაუთქმელობის პირობა. ადვოკატის თქმით, გაუთქმელობის პირობიდან გამომდინარე, ვერ ისაუბრებს იმ დეტალებზე, რომელიც შეეხება სახალხო დამცველის დღეს გაკეთებულ განცხადებას. 
რაც შეეხება დაკავებული დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ადვოკატის ინფორმაციით, მამა გიორგი მამალაძეს მაღალი ტემპერატურა აქვს. მისივე თქმით, დეკანოზს ექიმები ყურადღებას აქცევენ და ამ მიმართულებით მას სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციასთან არანაირი პრეტენზია არ აქვს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე